ვასო კახნიაშვილი

 



ვასო კახნიაშვილი

 საქართველოს სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს საყოველთაოდ აღიარებული ხელოვანი, ერისთავის თეატრის ლეგენდარული მსახიობი ვასო კახნიაშვილი ქართული თეატრალური ელიტის ერთ- ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მან სათეატრო ხელოვნებაში ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა. ეს გზა იყო მიზანმიმართული, მაღალ პროფესიონალური და დაუღალავი. ის იყო მსახიობი თვითმყოფადი ხელწერით, მომდევნო თაობებმა სიხარულით რომ აიტაცეს.

ბატონი ვასო ექვსი ათეული წელი ღირსეულად ემსახურა ერისთავის თეატრს, მეტად ფართო და მრავალფეროვანი იყო მის მიერ განსახიერებული როლები. მსახიობის მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება ადვილად სძლევდა ჟანრობრივად განსხვავებულ ხასიათებს და ქმნიდა დაუვიწყარ მხატვრულ სახეებს.
მაგრამ, ბატონმა ვასომ ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო როლი ქართული თეატრისა და კინოს განვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეში შეასრულა და ეს მთავარი როლი არასოდეს არ დაჰკარგავს თავის ბრწყინვალებას.
მსახიობმა დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინო ხელოვნებაში. იგი ოცდახუთ ფილმშია გადაღებული და დასამახსოვრებელი ეკრანული სახეები დაგვიტოვა : ბეკინა( „სამანიშვილის დედინაცვალი „), პაპუნა ოქრომჭედელი ( „,მზე შემოდგომისა“ ), ვასო ( „ ცისფერი მთები „), ბაგრატი („ მეზობლები „ ), საჩინო („ბერიკაცები „) და სხვა. ელდარ შენგელაიას ფილმ „ცისფერ მთებში " ვასოს როლის განსახიერებისთვის მან მაშინდელი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის საპატიო წოდება დაიმსახურა.
მიუხედავად კინოში აქტიური მოღვაწეობისა, ბატონი ვასო თეატრის მსახიობი იყო. თეატრი იყო მისი ცხოვრების აზრი და მუდმივი ზრუნვის საგანი. მან თეატრს მოახმარა უკლებლივ მთელი თავის ენერგია, ნიჭი, უნარი, ღირსეული სიცოცხლე და შემოქმედება - თავისი ალალი, მიზანმიმართული, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული და სამარადჟამოდ დამკვიდრებული. ამიტომ იყო, რომ იგი ყოველთვის თეატრალურ აზროვნებას განსაზღვრავდა სცენაზე თავის თანამედროვეებში თვითმყოფადი ნიჭით.
თეატრის სანიმუშო მსახიობმა ისტორიის წინაშეც მოიხადა ვალი. ბატონმა ვასო კახნიაშვილმა დაარსა ერისთავის თეატრის მუზეუმი და ის იყო წლების განმავლობაში მისი შეუცვლელი გამგე. მის მიერ შეგროვილი და დაცული მასალა, დღეს თეატრის მუზეუმის ფასდადუდებელი საგანძურია.
რა ძალზედ მცირეა ერთი სიცოცხლე ხელოვანისათვის. მაშინ იხურება მისი შემოქმედებითი ცხოვრების ფარდა, როცა კვლავ ახალი გარდასახვა გწადია. დიდხანს ელოდნენ გადასაღებ მოედანზე.....მაგრამ ამაოდ. შეწყდა მსახიობის გულისცემა, რომელიც მხოლოდ თეატრისთვის ძგერდა. ცოცხლობდა- ერისთავის თეატრის სიამაყე იყო, გარდაიცვალა და დღეს უფრო დიდი სიამაყეა ერისთაველებისთვის.
..... და, თუ იქ, მართლაც, თეატრი არსებობს, ბატონი ვასო კახნიაშვილი უდავოდ, ღირსეულთა შორისაა.
ნათელი მის ხსოვნას.