იური კაკულია
იური კაკულია
,, როგორ უნდა გააკეთო ისეთი კვალი რომ არ წაიშალოს ‘’’
ჯემალ ქარჩხაძის პრეისტორიული ნაწარმოები ,, იგი ’’
ერისთავის თეატრის ისტორიის ავანსცენაზე მაღალპროფესიონალი რეჟისორების დიდი თანავარსკვლავედი გაბრწყინდა: პავლე ფრანგიშვილი, ვასო ყუშიტაშვილი, სიკო ვაჩნაძე, ლილი იოსელიანი, გიორგი აბრამიშვილი, ვაჟა ფაჩულია. ქართულმა თეატრალურმა ხელოვნებამ დიდი ხანია თქვა თავისი მართალი სიტყვა - სათეატრო კულტურის ლეგენდარულმა რეჟისორებმა ერისთავის თეატრის სცენაზე შექმნეს უაღრესად მნიშვნელოვანი თეატრალური სკოლა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ზრდიდნენ მსახიობთა ნიჭიერ თაობას.
მდიდარია ერისთავის თეატრი ინდივიდუალურობით გამორჩეული რეჟისორების სახელებით, რომელთა შემოქმედებითი ცხოვრება იყო მუდამ მიზანმიმართული, მაღალპროფესიონალური.
1961-62 თეატრალურ სეზონში, ერისთავის თეატრის კარი შეაღო ნიჭიერმა რეჟისორმა იური კაკულიამ. იგი დედაქალაქიდან მოიწვიეს
ჯ. ფლეტჩერის ,, როგორ მოვარჯულო ცოლის’’ დასადგმელად. ეს იყო მისი პირველი სპექტაკლი გორის თეატრში. შემდეგ კი დადგა გ. ერისთავის ,, ძუნწი’’ შილერის ,,ხიდს იქით “ , იოსელიანის ,, ადამიანი იბადება".
1976- 79 და 1985-86 წლებში იური კაკულია დაინიშნა ერისთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად. თეატრში დაიწყო რეჟისორის რეფორმატორული სულისკვეთებით აღსავსე ახალი პერიოდი. ის სამყარო, რომელიც რეჟისორმა თეატრში შექმნა, იყო საოცრად ამაღლებული, დახვეწილი. მას ჰქონდა ფხიზელი რეჟისორული გონება, მოვლენების განზოგადების უნარი. იური კაკულიას სპექტაკლებს ახასიათებდათ მკვეთრად ჩამოყალიბებული სცენური პლასტიკა. რეჟისორს ყოველთვის რაღაც ღირებული ჰქონდა სათქმელი მაყურებლისთვის, რომლებსაც მუდამ სთავაზობდა უაღრესად მაღალმხატვრული და ღრმააზროვან რეპერტუარს.
და რაც, ყველაზე დამახასიათებელი გახლდათ რეჟისორისთვის - მას უსაზღვროდ უყვარდა მსახიობი. მასთან დახვეწილი კულტურული ურთიერთობა, მათი შემოქმედებითი ინდივიდუალურობის სიღრმისეული ანალიზი, აფასებდა და სტიმულს აძლევდა ნიჭიერ და პროფესიისათვის თავდადებულ ხელოვანებს. მათთან ერთად იწყებდა მომავალ სპექტაკლში სიცოცხლეს.
ამიტომაა, რომ დღესაც მისი თაობის მსახიობები დიდი სიყვარულით და საოცარი სითბოთი საუბრობენ ხელოვანზე.
საქართველოს სახალხო არტისტი, ერისთავის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი იური კაკულია თავისი დროის ერთ - ერთი გამორჩეული რეჟისორი იყო.
ეს არის ზუსტად ის კვალი, რომელიც არასოდეს წაიშლება.
ერისთავის თეატრი ქედს იხრის იური კაკულიას ხსოვნის წინაშე.