434455710 827847626051151 4857743896987918913 n

რა დიდებულად წერდა ერისთავის თეატრის დიდი თაყვანისმცემელი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე ბატონი გიორგი ჩიტაია: გორის თეატრი ლეგენდარული არტისტების თანავარსკვლავედიაო. თითქოს „ქუდბედი“ დაჰყვა ერისთავის თეატრს, როცა ნიჭიერ მსახიობთა თაობა მივიდა ჯერ ცნობილ რეჟისორთან - პავლე ფრანგიშვილთან და შემდეგ ვასო ყუშიტაშვილთან.
ერისთავის თეატრის ისტორიის ავანსცენაზე სცენის დიდოსტატი, ლეგენდარული მსახიობი „შემოვიდა“, რომელთანაც შეხვედრა ჩვენგან ღრმად საპატივისაცემო უფროსი თაობის მაყურებელს დიდ სიხარულს მიანიჭებს და ლამაზ მოგონებებს აღუძრავს....
სერგო( ჩეკო) ტატალაშვილი- საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრალური ხელოვნების კლასიკური პერიოდის ბრწყინვალე შემოქმედი იყო. მან ერისთავის თეატრში შექმნა და მომავალს დაუტოვა დიდი, უაღრესად ღრმა და შინაარსიანი თეატრალური მემკვიდრეობა.
ბედნიერია მაყურებელთა ის თაობა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ბატონი ჩეკოს მაღალნიჭიერი გარდასახვა, მისი მომხიბლავი გარეგნობა, ცეცხლოვანი თვალები, კეთლშობილებით აღსავსე გამოხედვა, გულში ჩამწვდომი ხავერდოვანი ხმა, შინაგანი და გარეგანი გარდასახვის გასაოცარი უნარი, პლასტიკური სხეული და, რაც ყველაზე დიდი საოცრება იყო - მსახიობს ჰქონდა უიშვიათესი მეხსიერება. ის იყო დიდებულად წარმმართველი ურთულესი დიალოგების და მონოლოგების. მისი სიტყვა და პლასტიკა ერთნაირი ემოციური ძალით მეტყველებდა. ხანგრძლივი ტაში აღფრთოვანებულ თაყვანისმცემელთა შეძახილები იყო მისი უმშვენიერესი შემოქმედებითი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი. ამიტომ იყო, რომ მის ერთგულ მაყურებელში ხშირად გაიგონებდით :- „დღეს, ჩეკო თამაშობს?!“. მსახიობი კი მუდამ სცენაზე იდგა და ცოცხლობდა სცენის მაჯისცემით.
ბატონი ჩეკო შესანიშნავი მომღერალი იყო, მუსიკაზე უსაზღვროდ შყვარებული. მღეროდა სპექტაკლებში და აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი. მისი სიმღერის მანერა გამოირჩეოდა სიფაქიზით და ჰარმონიულობით, დახვეწილი არტისტული ტემპერამენტით შეზავებული.
ბატონი ჩეკო ტატალაშვილის მიერ განსახიერებულ როლებს, ბრწყინვალე სცენურ სახეთა თანავარსკვლავედში საპატიო ადგილი უკავია. აქტიორი ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო სცენისმოღვაწეთა იმ პლეადისა რომლებმაც სამოცდაჩვიდმეტი წლის წინ, ყველაზე დიდი აღიარება მოუტანეს თეატრს -გიორგი ერისთავის საპატიო სახელი.
ერისთავის თეატრი მოკრძალებული პატივისცემით ქედს ვიხრით ბატონი ჩეკო ტატალაშვილის ხსოვნის წინაშე.
თეატრის მუზეუმი.