ქეთო ბოჭორიშვილი
„ შენ, საქართველო დედოფლობა დაგშვენდებოდა"
იოსებ ნონეშვილი
კულტურის უძველესი თეატრალური ქალაქის მშვენება, ერისთავის თეატრის სცენის პირმშვენიერი დედოფალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ქეთევან ბოჭორიშვილი, თავისი ბრწყინვალე აქტიორული თაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქალბატონი ქეთევანის გახსენება, თეატრის უფროსი თაობის მაყურებელს, სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს. თაობას, ვისთვისაც ძვირფასია მშობლიური თეატრის შემოქმედებითი წარსული, ვისთვისაც დაუვიწყარია უნიჭიერესი აქტიორის მიერ შესრულებული როლები და სპექტაკლები, თაობა, რომელიც ცხოვრობდა მშობლიური თეატრის მაჯისცემით.
მსახიობი ერისთავის თეატრში 1949 წელს მობრძანდა სამუშაოდ. მან გააგრძელა და განავითარა ბრწყინვალე თეატრალური ტრადიციები, უმალვე ფეხი აუწყო ერისთავის თეატრის სცენის კორიფეებს, მათ გვერდით, მათთან პარტნიორობაში დაოსტატდა მსახიობი. ქალბატონმა ქეთევანმა თავის ხალასი ნიჭით და შრომის მაღალი კულტურით, უმალვე მოიპოვა გორელი მაყურებლის საყოველთაო სიყვარული.
ერისთავის თეატრი მისი სულის ნაწილი გახდა, იშვიათი სცენური მომხიბვლელობა, ჩინებული გარეგნობა, არტისტული ოსტატობა, ორგანულად ერწყმოდა მასში ერთმანეთს. ასე შექმნა მსახიობმა კონტრასტული და მრავალსახოვანი მდიდარი თეატრალური სამყარო, რომელიც დღეს ერისთავის თეატრის უძვირფასესი შემოქმედებითი წარსულია.
დრამატული თეატრის თვალსაჩინო აქტიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აგრეთვე ქართულ კინო ხელოვნებაში. მსახიობმა სამახსოვროდ დაგვიტოვა სრულყოფილი, რეალისტური ეკრანული სახეები .
ქალბატონი ქეთევანი ერუდირებული მსახიობი გახლდათ. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის სამხატვრო აკადემია. თეატრში მუშაობდა სპექტაკლებზე, როგორც მხატვრად, ასევე თეატრალური კოსტიუმების ავტორადაც.
ერისთავის თეატრი დიდ პატივს მიაგებს მაღალი აკადემიური სახელოვნებო კულტურით დაჯილდოვებული ქალბატონის ქეთევან ბოჭორიშვილის ხსოვნას.
თეატრის მუზეუმი