ოთარ ქუთათელაძე

434053914 818656100303637 8042238546726335715 n

რა სამწუხაროა, რომ დღევანდელ ერისთავის თეატრის მაყურებლით სავსე დარბაზში, სცენიდან აღარ ისმის საქართველოს დამსახურებული არტისტის, კოტე მარჯანიშვილის, გიორგი ერისთავის, ალექსი პოპოვის, შმაგი სამნიაშვილის პრემიების ლაურეატის ოთარ ქუთათელაძის ომახიანი ხმა, სცენაზე აღარ დგანან დიდი მოურავი, სოლეიმანი, ოიდიპოსი..... კულტურის უძველესი ქალაქის შთამბეჭდავ შემოქმედებით საღამოებზე აღარ ბრწყინავს მისი ორატორული ნიჭი, „ის კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა“....
ბატონი ოთარის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერისთვის თეატრის საგანძურია. მის მიერ განსახიერებული როლები კარგად ნაცნობია და საყვარელი მისი თაობის მაყურებლისთვის. ოთარ ქუთათელაძემ თავისი მაღალ ნიჭიერება და სცენური კულტურა მრავალი როლის შესრულებისას გამოავლინა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ჟამთაბერი( „ჟამთაბერის ასული), მურტალო („ კუკარაჩა“), კიკვიძე („ კიკვიძე“), გეგა ( „ ზვავი“), ანდრონიო ( „ცეკვის მასწავლებელი) და სხვა მრავალი.
უდავოა, იგი იყო ერთ-ერთი უბრწყინვალესი წარმომადგენელი ერისთვის თეატრის იმ სახელოვანი პლეადისა, რომლებმაც ქართულ სახელოვნებო კულტურას საყოველთაო აღიარება მოუტანეს.
ბატონი ოთარის დამსახურება თეატრის სცენაზე მოღვაწეობით არ ამოიწურებოდა. ის იყო ქართული სააზროვნო-სამეტყველო ენის დიდი მეხოტბე, მხატვრული კითხვის შეუდარებელი ოსტატი, მსახიობს შესწევდა უნარი ცხოველმყოფელი სული ჩაედგა უბრალო სიტყვისთვის და სცენაზე ის ცოცხალ ძალად ექცია, მხატვრული სახე მიენიჭებინა.
დღესაც გვახსოვს ბატონი ოთარის საოცარი მეტყველება, რომელსაც გააჩნდა ყველა ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც აუცილებელი იყო მსახიობისთვის: სიტყვის სწორი მოტანა, აზრი, ემოცია, ხმის ჟღერადობა, მაყურებლისთვის ყოველთვის სასიამოვნი იყო მისი ხმის დიაპაზონი, ამიტომ იყო იგი ერთნაირად დიდი და განუმეორებელი, როგორც მსახიობი და, როგორც მხატვრული კითხვის ოსტატი.
ბატონმა ოთარმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქართულ ხელოვნებას, თეატრს და მადლიან ქართულ სიტყვას მიუძღვნა. მხოლოდ სცენის რჩეულ ოსტატებს ხვდებათ ის დიდი სიყვარული, როგორითაც ბატონო ოთარი სარგებლობდა.
დიახ! სრული ჭეშმარიტებაა-ის დააკლდა ერისთვის თეატრს, ის დააკლდა კულტურის უძველეს ქალაქს.