როზალია ცაბაძე

 



როზა ცაბაძე

ერისთავის თეატრის უაღრესად მნიშვნელოვანი წარსულიდან, ნათელვარსკვლავად ბრწყინდება საქართველოს დამსახურებული არტისტის როზა ცაბაძის შემოქმედებითი ცხოვრება.

მსახიობს განსაკუთრებული ადგილი უკავია თეატრის იმ გამოჩენილ სცენის ოსტატთა შორის, რომლებმაც ერის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
ქალბატონი როზა ერისთავის თეატრში ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში ცნობილმა რეჟისორმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ყუშიტაშვილმა მიიყვანა. მას შემდეგ მსახიობი უღალატოდ და ერთგულად იდგა გამოცდილი მსახიობების გვერდით, მათთან ერთად ქმნიდა გორის თეატრის ისტორიას. მეუღლესთან, საქართველოს სახალხო არტისტთან ჩეკო ტატალაშვილთან თანაცხოვრებით და თანაპასუხისმგებლობით, ეზიარებოდა ხელოვნების სიყვარულს და სულიერ ერთობას.
ქალბატონ როზამ ექვსიათეული წლის მანძილზე უდავოდ შექმნა მნიშვნელოვანი თეატრალური ეპოქა. სიყვარული, რასაც მაყურებელი მსახიობის შემოქმედებისადმი იჩენდა, იმის დასტურია, რომ მსახიობი ერისთავის თეატრის საინტერესო მონაპოვარი იყო და ფერგაუხუნარ ლაზათს მატებდა მის შემოქმედებით ცხოვრებას.
მაყურებელს უსაზღვროდ უყვარდა ქალბატონი როზა ის კი თავისი ნიჭის თაყვანისმცემლებს სამსახიობო ხელოვნების მაღალმხატვრული კულტურით, განუმეორებელი საშემსრულებლო ხელოვნებით ასაზრდოვებდა. მის მიერ შესრულებული როლები, რომელთა ნუსხაც საკმაოდ ვრცელია, ღრმად აღიბეჭდებოდა მაყურებლის ცნობიერებაში ორიგინალური მიგნებებით.
ქალბატონი როზა შემოქმედებითი წარსულის, აწმყოს განუყოფელი ნაწილია, ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს, თუ რატომ უყვარდა კულტურის უძველესი ქალაქის მაყურებელს, ან რატომ ვთვლით როზა ცაბაძის შემოქმედებით ნაყოფს სასცენო ხელოვნების მემკვიდრეობად.
დღეს, თეატრის მარადიული ნათელით გარემოცული სამყაროდან, მსახიობი არსებობას განაგრძობს სპექტაკლების ფოტოებსა და აფიშებში, მის თეატრალურ კოსტიუმებში.
წინ კი, კვლავ მარადისობაა!