როსტომ ჩხეიძე - ალუბლის ბაღი
ალუბლის სევდა და არტისტული ქალაქი
(ციკლიდან „დროის იეროგლიფები“)
„ალუბლის ბაღი“ თითქოს პირწმინდიდად რუსულ სატკივარზეა ამოზრდილი, მაგრამ ანტონ ჩეხოვის მწერლური ხელოვნება ძალდაუტანებლად განაზოგადებდა ამ პრობლემას და საკაცობრიო სადარდებლის განუყოფელ ნაწილად აქცევდა.
ქართულ სატკივარსაც ამიტომ გამოხატავს თავისთავად და ძალდაუტანებლად, ოღონდ ეს „თავისთავადობაც“ და „ძალდაუტანებლობაც“ რეჟისორული ხელოვნებით უნდა იყოს განსაზღვრული, გარეგნულად დაფარულით, ანტონ ჩეხოვის დრამატურგიული ოსტატობისა არ იყოს, თითქოსდა სინამდვილე ფოტოგრაფიული სიზუსტით რომ გადაინაცვლებს ფურცელზე და... სულ ესაა, მაგრამ „ფოტოგრაფიულობა“ უკან გადადის ფინალური აკორდისა და განზოგადების წინაშე, ალუბლის ბაღი ერთბაშად რომ უნდა გასიმბოლოვდეს დაკარგულ ედემად, რომელიც წუთისოფელში თავს იჩენს არისტოკრატულ სულსა და რომანტიკულ მისწრაფებებში, რომლის გადასარჩენად ზრუნვაც ყოველწამიერი უნდა იყოს, ისედაც რკალში მოქცეულის, ისედაც ხიფათის წინაშე მდგარის, თორემ უღვთო განწირულებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.
არისტოკრატული სული ჩაინავლება.
რომანტიკულ მისწრაფებებს ფრთები შეეკვეცება.
და სილამაზესა და ამაღლებულობას გადაეტოტყება სიტლანქე და უხეშობა, ის სულგამოცლილი, მექანიკური, მასობრივი ადამიანი, რომლისთვისაც ალუბლის ბაღის იდუმალი წარმომავლობა სამოთხისაგან სრულიად არაფერს ნიშნავს და... ამდენი ხნის ნალოლიავები ისე დაუნანებლად შეიძლება აიჩეხოს, ნასახიც აღარ დარჩეს ოდინდელი მშვენიერებისა.
დიდხანს ოცნებობდა „ალუბლის ბაღის“ დადგმაზე მიხეილ თუმანიშვილი, იმეორებდა და იმეორებდა ამ ოცნებას, მაგრამ ისე უნდა წასულიყო ამქვეყნიდან, ეს ფიქრი და სწრაფვა აღუსრულებელი დარჩენოდა.
შესაფერის ფორმას ეძებდა და... ვერა და ვერ მიეგნო.
ისეთ სპექტაკლად კი აქცევდა, ქართული თეატრალური ხელოვნებისათვის კიდევ ერთი ჩინებული ნიმუში რომ ყოფილიყო მაგრამ დიდებულ რეჟისორს ეს არ აკმაყოფილებდა _ რაღაც სხვაგვარად მოჭდობოდა გულზე ეს სატკივარ-სადარდებელი და სურდა განსაკუთრებულ მოვლენადაც ჩამოექნა, ანტონ ჩეხოვის ფიქრისათვის თავისი ფიქრებიც მიედევნებინა და „ძალიან რუსული“ პრობლემატიკის მიღმიდან „ძალიან ქართულ“ საწუხარს შემოენათებინა, ამ ფონზე კი ახალი გზა მოენიშნა თეატრალურ ცხოვრებაში.
ან ყველაფერი, ან არაფერი _ მოგეხსენებათ ეს მაქსიმალიზმი.
და ამჯერადაც ამ გულისჭიდილით რომ შეპყრობილიყო რეჟისორი, ამჯობინებდა სულაც აღარ დაედგა.
და ტოვებდა ამ ოცნებას ერთგვარ საჯილდაო ქვად, დაე ახალ თაობებსაც რაღაც განსაკუთრებული დაენახათ „ალუბლის ბაღში“ და რიგით _ თუნდ თავისთავად მომხიბლავ _ სანახაობას კი არ დასჯერებოდნენ, არამედ უპირველესად ფორმის სიახლეზე ეზრუნათ _ კლასიკური დადგმის საზღვრებში მოძებნილიყო სიახლე და არა გარეგნულ მორთულობასა და ეკვილიბრისტიკაში, იმ ფსევდომოდერნულ ხერხებში, სწრაფმავალი რომ არის და სასიკეთო არას დააჩნევს ხოლმე თუნდ თეატრალური ცხოვრების მდინარებას.
უნდა დამდგარიყო ამ პიესის გასპექტაკლების ჟამიც ისე, მიხეილ თუმანიშვილს რომ ეოცნებებოდა.
და ეს უნდა მომხდარიყო სოსო ნემსაძის რეჟისორული ხელოვნების წყალობით.
და ეს უნდა მომხდარიყო გორში.
მაინცდამაინც და სწორედაც ამ არტისტულ ქალაქში, სადაც წვრთნიდა და ამზადებდა მსახიობთა დასს გიორგი ერისთავი, და თუმც პირველი სპექტაკლი თბილისში დაიდგმოდა და ქართული პროფესიული თეატრის არსებობის ათვლაც ამ დღიდან დაიწყებოდა, საყრდენი და საფუძველი გორში მომზადებულიყო და ამიტომაც დაუდევს თავისი წილი ამ ქალაქსაც ჩვენი პროფესიული თეატრალური ცხოვრების დასაბამში: 1850 წლის 1 (14) იანვარს.
მოსალოდნელია, რომ მის კიდევ ერთ განახლებასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდოს _ ჯერ ისედაც რომ იპყრობს ყურადღებას აქაური სპექტაკლები, მთელი ქალაქი რომ აიყოლიეს და არც თბილისელ თუ ქუთაისელ მაყურებელს ისაკლისებენ, და ახლა „ალუბლის ბაღის“დადგმა იმ ახალ ესთეტიკასაც აპოვნინებდა რეჟისორს, მისი წარმატებული სახელოვნებო ძიებანი შესაფერისადაც რომ დაგვირგვინდებოდა: „დანტონს“ (გეორგ ბიუჰნერი, დაგნი პშაბიშევსკაია), „საწვავსა“ (ამელი ნოტომი) თუ „მუსუსს“ (მიხეილ ჯავახიშვილი), ერთი მხრივ ტრაგედიებსა და მეორე მხრივ კომედიას, შეემატებოდა ის სპექტაკლი, გამორჩეული რომ იქნებოდა თვით ჩინებული დადგმებით გადავსებულ თეატრალურ სინამდვილეში, და რაღა უნდა ითქვას ჩვენს საზოგადოებრივ-კულტურულ რეალობაზე, თეატრს ღრმა კრიზისის ჟამი რომ დასდგომია და, თითოოროლა მართლაც ღირებული სპექტაკლის გარდა, ყველაფერი ყოვლად უგემოვნო და მდარე შოუს დამსგავსებია, სიტყვა საერთოდ რომ გაუფასურებულა და კიდეც დაკარგულა სცენაზე და პანტომიმას წულეკავს სპექტაკლის შინაარსი. ერთი პანტომიმის თეატრი არა კმარა, თანაც ამ ხელოვნების ჭეშმარიტი ოსტატის ამირან შალიკაშვილის ხელში, ყველა წარმოდგენა მისი ნიჭიერი თუ უნიჭო მოწაფეების დადგმული რომ არ გვეგონოს?!.
სოსო ნემსაძე ინარჩუნებს სიტყვის მადლსა და ძალმოსილებას სცენაზე და, ცხადია, მის მიერ ხორცშესხმული „ალუბლის ბაღიც“ თავიდან ბოლომდე სიტყვის გამომსახველობაზეა აგებული, მსახიობებს _ ამ მხრივ უკვე საკმაოდ გაწაფულთ _ გულშიჩამწვდომად რომ მოაქვთ მაყურებლამდე და სრულყოფილად განაცდევინებენ ჩეხოვისეულ ტკივილებსაც და ქართულ საწუხარსაც, ყოფითი სურათები თანდათანობით რომ უნდა ამაღლდეს ღრმა განზოგადებამდე.
არც სანახაობრივი მხარე აკლია სპექტაკლს, ოღონდ სანახაობა სიტყვასაა დამორჩილებული და არა პირიქით, რათა ქართულმა თეატრმა შეასრულოს ის დანიშნულება და ვალი, ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები რომ განუსაზღვრავდნენ იმთავითვე და: ტაძარს შეადრიდნენ.
ეს შეგრძნება გეუფლება სპექტაკლის მსვლელობისას და თვით ეროტიკული სცენის გაელვებაც აღარ აღიქმება შემაცბუნებლად თუ სულაც სცენური ეროტომანიისათვის ხარკის გადახდად, და ეს იმიტომ, რომ თვითმიზნური არ არის, დადგმის შინაარსს აძლიერებს, სიტყვის ექსპრესიას თვალსაჩინოებით ადასტურებს, ისევე როგორც საქანელებზე ქანაობა თუ მახვილგონივრულად მიგნებული ფონი _ არსად ჩანს ალუბლის ხეები, სამაგიეროდ რკინის კონსტრუქციებზე აგებული მაგიდა-სცენის გარშემო შემოწყობილა ფაიფურის სერვიზი: რაღა ის და რაღა ალუბლის ბაღი!.. გამჭვირვალეა მეტაფორული გაიგივება _ ერთიც და მეორეც იმ ტრადიციისა და სულიერების ნიშანია, რომელიც თვალდათვალ უნდა დაილეწოს და გაქრეს.
და ალუბლის ბაღის გარდუვალ გაჩეხვას მოასწავებს ერმოლაი ლოპახინის მიერ თეფშის დახეთქება ძირს და ნამტვრევებად დაშლა, ამ ნამტვრევებსაც ულმობლად რომ უნდა შედგეს ზედ და მთლად დაანამცეცოს, რათა ჩაიშრიტოს ყოველგვარი იმედი თეფშის გამრთელებისა.
მსახიობებს გულშიჩამწვდომად რომ მოაქვთ მაყურებლამდეო...
მარჯვედ შერჩეული ანსამბლი არტისტებისა ანიჭებს რეჟისორულ ჩანაფიქრს იმ შთამბეჭდაობას, „ალუბლის ბაღი ესთეტიკური სიახლის ნიმუშად რომ გვევლინება, სამაგალითოდ ქართული თეატრისათვის, მდარე ვოდევილებად და უგემოვნო შოუებად დახურდავებულისათვის, ილიასეული შეგონება სადღაც მიღმა რომ დარჩენიათ და რაღაც გაუგებრობაში დაბორიალობენ.
ნეტა კვლავაც გორი ხომ არ განსაზღვრავს თბილისის თეატრალური ცხოვრების სასიკეთო ფერისცვალებას?
ამ სიახლეს ხომ არ ჩაუკვირდებიან?
და თვითონაც ხომ არ მოინდომებენ იმ სიღრმისა და დახვეწილობის მიღწევასაც, რომელთა გარეშეც ყოველგვარი სიახლე ჰაერში გამოეკიდება?
მსახიობებს სრული ასპარეზი მიეცემოდათ საკუთარი უნარის გამოსავლენად და ამიტომაცაა, ყველა ბოლომდე რომ იხარჯება და თავთავისებურ ხასიათსაც კანთიელად გამოკვეთს: თეკლა მარჯანიშვილიც, მარინა არღუთაშვილიც, კახი ბერიძეც, ომარ ბექაურიც, ზაზა თედელურიც, ანზორ გვაძაბიაც, კობა კოპაძეც, ნატო აივაზაშვილიც (ეს ვინც მე ვნახე სპექტაკლში, და როგორ მამცნეს _ ანა ჩოგოვაძე და შოთა ხანჯალიაშვილიც საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ), მსახიობთა ანსამბლს კი ჰკრავს გვანცა კანდელაკი არისტოკრატული გრაციოზულობითა და იმ არტისტული ოსტატობით, ახმეტელის თეატრის სპექტაკლში „ნათელი ბნელში“ თვალნათლივი რომ გახადა თავისი ნიჭიერება და გარდასახვის უნარი. ის, რაც ანტონ ჩეხოვს დაეკისრებინა ლიუბოვ რანევსკაიასათვის, მსახიობი ზუსტად აღასრულებს იმ მოვალეობას.
უთუოდ უნდა აღინიშნოს კომპოზიტორის წვლილიც _ მამუკა მეგრელიშვილის, ქორეოგრაფისაც _ გიორგი მარღანიასი, და ტექნიკური რეჟისორისაც _ სოფიო დრულევისა.
საგულისხმოა, რომ:
სპექტაკლი დაიდგა არა დიდ სცენაზე, არამედ მესამე სივრცედ სახელდებულ დარბაზში, ამგვარი დასათაურება _ შეგნებულად თუ ქვეშეცნეულად _ მძაფრი მოლოდინის განცდას რომ აჩენს: მესამე ზარის შემდეგ დაიძვრის მატარებელი, მესამე ზარის შემდეგ იწყება სპექტაკლი და მამლის მესამე ყივილი კი გვაგრძნობინებს, რომ ჯვარცმის მისტერია ერთხელ სულაც არ აღსრულებულა სამყაროში და ის კვლავდაკვლავ მეორდება.
და ყოველი სულიერი ღირებულება ხომ ამ მისტერიის თავისებური გამოსხივებაა!..
და ეს იმის მიუხედავად, ტრაგიზმითაც გაჟღენთილა თუ არა, აგერ `ალუბლის ბაღი~ უშუალო გამოძახილად რომ წარმოგვიდგება იმ სულიერი რღვევისა, მაცხოვრის მოვლინება რომ ვერ აღკვეთდა, ეგაა, შეანელებდა მის საზარლობას და იმედოვნებასაც არ ჩაგვიშრეტდა, რათა სიცოცხლე გაუსაძლისი არ შექმნილიყო.
რაოდენ მძაფრია თუნდ ის მიზანსცენა, ლიუბოვ რანევსკაია და დუნიაშა ველოსიპედს რომ დაეჯაჯგურებინა ზემოთ-ქვემოდან... და გამარჯვება უნდა დარჩეს იმ დუნიაშას, რომელიც ერმოლაი ლოპახინთან ერთად ბატონ-პატრონიც უნდა შეიქნას ალუბლის ბაღისა, რომლის სილამაზეც უნდა შეიმუსროს დოლის შემზარავი სულისგამყინავი ბრახუნის ფონზე.
და რაღა დაგშთენია: აყრა იმ მიწიდან, რომელიც მოგდევს, მოგძახის და სულსა და გულს გიბრუნებს. და ეს ძახილია, კათარზისს რომ განაცდევინებს მაყურებელს, ყველა თაობა სუნთქვაშეკრული რომ მისჩერებია უკიდურესად დაძაბულ, მღელვარების ზღვარზე გათამაშებულ დრამას, კიდევ ერთხელ რომ მოგვაბღაუჭებს ჩვენ-ჩვენ მიწას, ბაღს, ალუბლებს... თორემ ალუბლის მტვერივით ჩაგველევა ხელში ის, რაც ყველაზე ძვირფასად და სანუკვარად გვეგულებოდა და სიმხნევეს გვინარჩუნებდა, ძახილად გარდასული ჟამისა, შორეულ მოლანდებად სამოთხისდროინდელი სინამდვილისა...
***
ამ არაორდინარული სპექტაკლის დასრულების შემდგომ ვინ არ აღიარებს, რომ ანტონ ჩეხოვი ქართველი მწერალია, თუნდ გარეგნული კოლორიტი პიესის პირწმინდად რუსულიც იყოს.
ბოლოსდაბოლოს, ხომ შეიძლება მოქმედება გაუცხოების ესთეტიკის კვალობაზე რუსულ გარემოშიც გაშალო და პერსონაჟებიც რუსული გვარ-სახელები შეურჩიო, ავთანდილ-თინათინის არაბობისა და ტარიელ-ნესტანის ინდოელობისა არ იყოს!..
***
სოსო ნემსაძემ თეატრალური ცხოვრების ეპიცენტრი გორში გადაიტანაო, _ დაბეჯითებით ირწმუნება იოსებ ჭუმბურიძე საჯარო სივრცეში.
ჩემი მხრივ ისღა დამრჩენია, რომ გავიზიარო ეს შეხედულება ჩვენი თეატრალური ცხოვრების სასიკეთო ფერისცვალების მოლოდინში.
როსტომ ჩხეიძე