პრესა
-
ანასტასია გოგბერაშვილი„მტრის კოსმეტიკა“
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ხშირად გვანებივრებს საინტერესო, ღრმა, მრავალფეროვანი და ემოციური სპექტაკლებით. ამ მხრივ აღსანიშნავია როგორც საშუალო თაობის, ისე დამწყებ რეჟისორთა წარმოდგენები, კერძოდ, დავით ჩხარტიშვილის ტრილოგია ფროლიან ზელერის „ვაჟიშვილი“, „მამა“, „დედა“, ნანუკა ხუსკივაძის „გაუგებრობა“, გიორგი თენაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და სხვა.
ამჯერად ამ საინტერესო თეატრის ერთ-ერთ ბოლო საპრემიერო დადგმას, თათა პოპიაშვილის ერთმოქმედებიან სპექტაკლს, სახელწოდებით ,,მტრის კოსმეტიკა” განვიხილავ. სპექტაკლი სწორედ ისეთ საკითხებს ეხმიანება, როგორიცაა: საკუთარი თავის ძიების შეუცნობელი, ურთულესი პროცესი და პიროვნული ტრავმების სიმძაფრე, მისი ტრაგიკული შედეგები. რეჟისორის ეს უაღრესად ეფექტური ნამუშევარი გვაფიქრებს, არის თუ არა შესაძლებელი ბოლომდე გავუგოთ, ჩავუღრმავდეთ და ვაპატიოთ ჩვენს თავს უნებურად, აფექტის დროს ჩადენილი დანაშაული?... სპექტაკლი გვაფიქრებს იმ პრობლემაზეც, თუ როგორ გავურბივართ ადამიანები იმას, რაც გვაშინებს და რისი აღიარებაც საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს, ის შეულამაზებლად გვიჩვენებს ისეთ მარადიულ თემას, როგორიცაა არა მხოლოდ საკუთარ თავთან, წარსულთან თუ შეცდომებთან ბრძოლა, არამედ მის შედეგებთან გამკლავება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ სპექტაკლში მაყურებელი სცენაზეა. აქედან გამომდინარე, ისინი უსწრაფესად ერთვებიან მოქმედებაში, რომელიც აეროპორტის მოსაცდელში ვითარდება. რამდენიმე წუთშივე ვაცნობიერებთ, რომ შავსამოსიანი, მძიმე გრიმით შენიღბული, აგრესიული და ხმაურიანი არსება, წარმოდგენის მთავარი გმირია, ხოლო მისი პირდაპირი სამიზნე, - მაყურებლის პირისპირ განთავსებულ სკამზე მოთმინებით მომლოდინე ჰალსტუხიანი მამაკაცი. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი თუ მეტოქე, ფრენის გადადების შესახებ გამოცხადებულ ინფორმაციას ერთდროულად იგებს და იწყება მათი ერთმანეთთან კომუნიკაციის მძაფრი პროცესი. მაყურებელი სპექტაკლის დასრულებამდე ინტრიგასა და სრულ გაურკვევლობაშია, მისთვის გამოცანად რჩება ეს ორი პიროვნება, მათი ცხოვრებისეული დეტალები და, ზოგადად, ამ ორი ადამიანის ხასიათი.
საინტერესოა სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტა და გიორგი უსტიაშვილის მინიმალისტური, თითქოსდა მარტივი, მაგრამ სტერილური სისუფთავით წარმოდგენილი, ზუსტი და დახვეწილი სცენოგრაფია. დეკორაცია სწორედ ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელი კითხვის ნიშნების გარეშე ხვდება, სად ვითარდება მოქმედება. სცენის ცენტრში ვხედავთ აეროპორტის სამ სკამს და მის უკან გამჭვირვალე გამყოფი კედლის მიღმა განთავსებულ მოწესრიგებულ საპირფარეშოს. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში არც ერთი ნივთი არ გახლავთ ზედმეტი და შემთხვევითი. საბოლოო ჯამში, მხატვარი მეტად ოსტატურად ახერხებს სცენური ატმოსფერო მარტივად და მინიმალისტურად წარმოგვიდგინოს. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პერსონაჟთა კოსტიუმები ზუსტად ასახავს თითოეული გმირის ხასიათის შტრიხებს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, კოსტიუმებს გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს. აქ ტექსტორ ტექსტერის როლს სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე განასახიერებს, მისი პარტნიორი - ჟერომი კი, მსახიობი გიორგი გოგუაძე გახლავთ.
სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის პერსონაჟი თამამი, ჯიუტი, პირდაპირი და უტეხია. მსახიობი ტექსტორ ტექსტერის ხასიათის მაყურებლამდე უკეთ მოსატანად არ იშურებს ენერგიასა და პროფესიონალიზმს. საუცხოოა მისი სამსახიობო ოსტატობა, პლასტიკა და გარდასახვა. სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე შთამბეჭდავად ახერხებს მაყურებლის ყურადღების კონცენტრირებას მის მიერ შექმნილ სახეზე, დახვეწილ პლასტიკასა და ზუსტ ინტონირებებზე. ამ ყველაფრის მეშვეობით კი იგი სპექტაკლის ბოლომდე სრულ გაუგებრობაში გვამყოფებს. მისი პერსონაჟის მიერ ნათქვამი თითოეული ფრაზა და რეპლიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს სპექტაკლის მიმდინარეობაში. სწორედ იგია რეჟისორის კონცეფციის მთავარი „გამტარი“.
სპექტაკლში მომაჯადოვებელი ექსპრესიითაა წარმოდგენილი პერსონაჟთა შინაგანი კონფლიქტი. მსახიობ გიორგი გოგუაძის მიერ განსახიერებული ჟერომი მოქმედების ბოლომდე ახერხებს, დაგვაჯეროს, რომ ტექსტორ ტექსტერისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებაა, განსხვავებული ხასიათითა და ცხოვრების სტილით. მაყურებელს სპექტაკლის ბოლომდე ეჩვენება, რომ ჟერომი საკმაოდ მკაცრი, პედანტური, ლამის იდეალური ბუნების საქმიანი ადამიანია. თუ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე თავისი ექსცენტრიული ხასიათით, მჩქეფარე ენერგიითა და სცენაზე მუდმივი მოძრაობით ახერხებს გროტესკულ-სარკასტული პერსონაჟის გამოძერწვას, გიორგი გოგუაძე, პირიქით, ზედმეტად დინჯი, აუღელვებელი მოძრაობებითა და მშვიდი ხასიათით ქმნის ჟერომის სახეს.
მსვლელობისას სცენაზე ორი მთავარი პერსონაჟის გარდა, ვხვდებით პოლიციელს, ამირან ქაჩიბაიასა და აეროპორტის დამლაგებელს - ლევან ოზგებაშვილს. მათი როლი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, თუმცა პოლიციელის სცენაზე გამოჩენა ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია, სწორედ მისი რეაქციით საბოლოოდ რწმუნდება მაყურებელი, რომ რეალურად არანაირი ტექსტორ ტექსტერი არ არსებობს და ის მხოლოდ გიორგი გოგუაძის ჟერომის წარმოსახვის ნაყოფია. რაც შეეხება დამლაგებელს - ლევან ოზგებაშვილს, მას სცენაზე რამდენჯერმე ვხედავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისი ბოლო გამოსვლაა, როდესაც მკვლელობის მომენტში დინამიკში ჩართული მუსიკით თითქოს განმუხტავს იმ დაძაბულ სიტუაციასა და ატმოსფეროს, რომელიც ,,აეროპორტში ’’ სუფევს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, კულმინაციური მომენტი, როდესაც მაყურებელი უკვე ცხადად ხედავს, რომ რეალურად ტექსტორ ტექსტერი და ჟერომი ერთი ადამიანია, ტექსტორი ჟერომის არაცნობიერი ნაწილია. პერსონაჟთა ხანგრძლივი კამათი და დაპირისპირება, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის გმირის თხოვნით სრულდება, ის ჟერომს სთხოვს, რომ მოკლას ტექსტერი, რეალურად კი ამ მკვლელობით ჟერომი მხოლოდ საკუთარ თავს, თავისსავე ალტერ ეგოს კლავს. სწორედ ამ მომენტში აღმოვაჩენთ, რომ არანაირი ორი პიროვნება არ არსებობს, მათი დიალოგი რეალურად მონოლოგია, ჟერომი კი ტექსტორ ტექსტერია. სწორედ ამ მომენტში დასტურდება, რომ სპექტაკლი ჟერომის წარმოსახვაში დაბადებული დიალოგია, საკუთარი დანაშაულის აღიარება და თვალის გასწორება იმასთან, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა.
ორიგინალურადაა გადაწყვეტილი სპექტაკლის ფინალური მიზანსცენა. მაყურებელს ლამის ზურგიდან ეპარება სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის - ტექსტორ ტექსტერი და ამჯერად თითქოს სწორედ ჩვენზე, მდუმარე საზოგადოებაზე აპირებს თავდასხმას. „რას უყურებთ? კარგია?“ - ამ სიტყვებით თითქოს აფხიზლებს დადუმებულ, სხვათა პრობლემურ ყოფას მშვიდად მჭვრეტელ ადამიანებს. ეს ფინალური სცენა, ისევე როგორც სპექტაკლის დასაწყისი, ნათლად გვიჩვენებს რეჟისორის კონცეფციას, რომლის ადრესატიც სწორედ ჩვენი თანამედროვე ქართული საზოგადოებაა, - დაბნეული, დაღლილი, დროდადრო გონდაკარგული, გაბოროტებული და საკუთარ შინაგან სამყაროში დაკარგული. მსახიობებისა და რეჟისორის ასეთი ტანდემი კი, მაყურებელს ფიქრის და საკუთარ თავთან ჩაღრმავების სურვილს აღუძრავს.
სპექტაკლში წამოჭრილი თემები კი მუდმივად აქტუალური და დამაფიქრებელია.
https://www.theatrelife.ge/mtriskosmetika?fbclid=IwY2xjawGukhBleHRuA2FlbQIxMQABHe0WYMD9gqU4VdpeyH9YecXjNtuYTqat7rXfTWVhXb3hkyHZPHgHwSek-Q_aem_rNCR3U98JeKqHlZRMgjIyQ -
ერისთავის თეატრის მსახიობების ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატის დარეჯან ჭამაურის და აკაკი ხორავას პრემიის ლაურეატის კახა ბერიძის სახელობითი ვარსკვლავები 2024 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა.
-
2024 წლის 5 ოქტომბერს ერისთავის თეატრმა დაარსა თეატრალური ფესტივალი "როტონდა", რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. -
მაკა (მარინე) ვასაძე
ადამიანისეული ბუნების უცნობი რედაქტორი
დღეს, ფრანგულენოვანი ბელგიელი წარმოშობის მწერლის, ამელი ნოტომის სახელი ქართველი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, 2010 წლიდან მოყოლებული, ითარგმნა და გამოიცა მისი არა ერთი პროზაული ნაწარმოები: საწვავი; ლურჯწვერა; არც ევა, არც ადამი; მკვლელის ჰიგიენა; გრაფ ნევულის დანაშაული; ანტიქრისტა. ქართულ ენაზე წიგნების გამოქვეყნებამდე კი, მაესტრო რობერტ სტურუამ რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე 2007 წელს დადგა „მტრის ნიღაბი“. ნოველის პროზაული თარგმანი ირინა ღოღობერიძეს ეკუთვნის, ხოლო სასცენო ტექსტზე რობერტ სტურუამ და ლილი ფოფხაძემ იმუშავეს. მოკლედ ვიტყვი, რომ სპექტაკლი, რომელშიც თამაშობდნენ ბესო ზანგური (ჟერომ ანგიუსტი) და გაგი სვანიძე (უცნობი, ტექსტორ ტექსტერი), როგორც სარეჟისორო, ასევე, სამსახიობო ოსტატობითაც მაღალ პროფესიულ დონეზე იყო განხორციელებული. ვფიქრობ, „მტრის ნიღაბი“ რობერტ სტურუას 21-ე საუკუნის დადგმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული, საუკეთესო ნამუშევარია.
დიალოგებში დაწერილი ნოველა „მტრის კოსმეტიკა“ (ორიგინალშიც ასე ეწოდება Cosmétique de l'ennemi, პირველად გამოქვეყნდა 2001 წ.), ადამიანის და მისი ორეულის (შინაგანი ხმის, სინდისის ქენჯნის, შინაგანი „მტრის“) „შერკინებაზე“, „დაპირისპირებაზე“, „შეჯახებაზე“ მოგვითხრობს. მოქმედება აეროპორტში ვითარდება, დიალოგი საქმოსან ჟერომ ანგიუსტს (ბანკის მოხელე) და უცნობს - ტექსტორ ტექსტერს შორის მიმდინარეობს. ნოველაში და პიესაშიც კვანძი იკვრება, როდესაც ჟერომი იჯერებს, რომ ტექსტორი მისი საყვარელი ცოლის მკვლელია (უცნობი მას თავიდანვე ამცნობს რომ მკვლელია). მკითხველი ნელ-ნელა ხვდება, რომ უცნობი ჟერომის ორეულია (ჟერომი ხმამაღლა ყვირის, ეჩხუბება უცნობს, მოდის ორი პოლიციელი, ამშვიდებენ აღელვებულ მგზავრს, ეუბნებიან რომ მის გვერდით არავინაა). და, ბოლოს, კვანძის გახსნა, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ჟერომია მოძალადე მკვლელია. სწორედ მან მოკლა საკუთარი ცოლი და მას მერე თითქოს ჩვეულ რიტმში აგრძელებდა ცხოვრებას, მუშაობდა ბანკირად, მივლინებებში დაიარებოდა და ა. შ., მაგრამ... ჟერომი „კლავს“ უცნობს, სინამდვილეში კი თავს იკლავს. დაუსჯელი არავინ რჩება... ფსიქოლოგიური ნიუანსებით აღსავსე ნოველაში, ამელი ნოტომი დეტექტიური ჟანრის ხერხებს იყენებს. ნაწარმოები იკითხება მსუბუქად, მწერალი იუმორის და გროტესკის ელემენტებსაც რთავს ამ მძიმე, დრამატული ამბის თხრობაში. ასევე აღსანიშნია, რომ ამელი ნოტომის თხრობის სტილი, დიალოგები ქმედითია და ალბათ, აქედან გამომდინარე, ნოველა ადვილად გასცენიურდა და შეიქმნა სასცენო ტექსტი.
რობერტ სტურუასეულ ვერსიაში აქცენტი ჟერომის (ბესო ზანგური) პერსონაჟზე კეთდებოდა, მის შინაგან ბუნებაზე, განცდებზე, ტანჯვაზე, გაგი სვანიძის უცნობი, შინაგანი ხმა ჟერომს ქვეცნობიერში მიმალული დანაშაულის ამოტივტივებაში „ეხმარებოდა“. სათაურის ცვლილების გარდა, როგორც აღვნიშნე ნოველას „მტრის კოსმეტიკა“ ეწოდება, სპექტაკლს კი მაესტრომ „მტრის ნიღაბი“ დაარქვა (რაც, ვფიქრობ, უფრო ესადაგება ნაწარმოების შინაარს, იდეას, სპექტაკლში ნიღაბი თამაშდებოდა - პერიოდულად პერსონაჟები ირგებდნენ), ასევე, შემოკლებული იყო ტექსტი, შემოიყვანა სამი - აზროვნების უუნარო, მონა-მორჩილი, სალდაფონ-რობოკოპ-პოლიციელის - პერსონაჟი (ზაზა ბარათაშვილი, ბაჩი ლეჟავა, მამუკა ლორია), იუმორი და გროტესკი უარყო, დეტექტიური მომენტი გაამძაფრა.
თითქმის 20 წლის შემდეგ (2007-2024), ამელი ნოტომის „მტრის კოსმეტიკას“, ახალგაზრდა ქალი რეჟისორი თათა პოპიაშვილი დგამს. ყველა დაინტერესდა რა ინტერპრეტაციას, რა ახალ ფორმას, რა ახალ სათქმელს, რა ახალ კონცეფციას შემოგვთავაზებს რეჟისორი. ზოგმა თქვა: როგორი გაბედული ნაბიჯიაო, ვინაიდან სტურუას სპექტაკლი დღესაც კარგად გვახსოვს.
თათა პოპიაშვილი ამელი ნოტომის ნაწარმოებზე პირველად არ მუშაობს. ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად დადგმული სადიპლომო სპექტაკლი, სწორედ ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერლის მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში, „საწვავი“ იყო (ხელმძღვანელი ლევან წულაძე). პროფესორის როლს უნიჭიერესი მსახიობი მიშა გომიაშვილი ასრულებდა, როგორც თათა ამბობს, სათეატრო, საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ ბევრი რამ, ლევან წულაძესთან (ბაკალავრიატის საფეხური), თემურ ჩხეიძესთან (მაგისტრატურის კურსი) ერთად, მუშაობის პროცესში, სწორედ მიშასგან ისწავლა. მას მერე, თათამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრში, არა ერთი სპექტაკლი განახორციელა. ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორმა ამელი ნოტომის „მტრის კოსმეტიკა“ გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა. პროზაული ნაწარმოების სცენურ ტექსტად ადაპტაციისას, რეჟისორი მწერლის ნოველას, ასევე, რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესას - „მტრის ნიღაბი“ - იყენებს. სპექტაკლის სცენოგრაფია და კოსტიუმები გიორგი უსტიაშვილისაა, მონაწილეობენ: გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე (სანდრო) მიკუჩაძე - ღაღანიძე, (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაია, ლევან ოზგებაშვილი (საქართველოს დამსახურებული არტისტი).
რეჟისორისა და მხატვრის კონცეფციით სცენაზე განთავსებული მაყურებელი აეროპორტის მგზავრები არიან. გიორგი უსტიაშვილის შექმნილი გარემო აეროპორტის მოსაცდელი დარბაზის ასოციაციას ქმნის - სკამები, შუშის კედლები, საჭიროებისამებრ შუშის კედლებს მიღმა ამონათებული საპირფარეშო, პირველი რიგის სკამების წინ დაფენილი ლურჯი ფერის ნაჭრის ზოლი, რეჟისორისა და მხატვრის ჩანაფიქრით მაყურებელსა და მოქმედ პერსონაჟებს შორის გამყოფი ზოლია, მიუხედავად იმისა რომ მაყურებელი მიმდინარე ამბის მონაწილეა. რეჟისორის გადაწყვეტით სპექტაკლი ზოგადად ინტერაქტიურია, სანდრო მიკუჩაძის უცნობი, დასაწყისიდან ფინალის ჩათვლით, მუდმივად ამყარებს კონტაქტს მაყურებელ-მგზავრებთან. დარბაზში შესვლისას სპექტაკლი უკვე დაწყებულია, ისმის აეროპორტისთვის დამახასიათებელი ხმები, გიორგი გოგუაძის პერსონაჟი - ჟერომი სკამზე ზის, წიგნის კითხვას ცდილობს, ხმა, რომელიც მგზავრებს თვითმფრინავების გაფრენა-ჩამოფრენას ამცნობს, რეისის გაურკვეველი დროით გადადებას გვაუწყებს. პრინციპში რეჟისორი ნოტომის ნოველის თანმიმდევრობას მიჰყვება, მხოლოდ რამდენიმე ცვლილება შეაქვს დადგმაში: ტექსტი შემოკლებულია (ეს მოსალოდნელიც იყო), ნოტომის ნოველაში არსებული მცირედი თხრობითი ამბებიდან ზოგიერთი, საჭიროებისამებრ ქმედებაში გადატანილი. დამატებულია ლევან ოზგებაშვილის დამლაგებლის პერსონაჟი - უნიფორმაში გამოწყობილი, პერიოდულად წმენდს იატაკს, განსაკუთრებული გულმოდგინებით კი ლურჯ ზოლს, დასაწყისში, კულმინაციურ მომენტებში და ფინალში. რეჟისორმა ამ პერსონაჟშიც ასახა ნოტომისეული იუმორი და გროტესკი. ზევით აღვნიშნე, რომ სტურუას „მტრის ნიღაბში“ სამი პოლიციელი იყო, თათასთან ერთია და რეჟისორმა, ამ შემთხვევაშიც, გამოიყენა გროტესკის ხერხი. ამირან ქაჩიბაიას პოლიციელი 60-70 იანი წლების „ჰიპის“ მოგვაგონებს - კოსტიუმით, გრძელი დაწნული თმებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფის, „დაბოლილის“ გამომეტყველებით.
აუცილებლად აღსანიშნია სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, რომელიც თავად რეჟისორს ეკუთვნის. ეს, ამა თუ იმ ეპიზოდისთვის, გემოვნებით შერჩეული მუსიკალური რიგია, რომელიც ზუსტად ესადაგება პერსონაჟთა შინაგან განწყობას თუ მიმდინარე მოვლენებს. მე-19-ე, მე-20-ე თუ 21-ე საუკუნის კომპოზიტორების, მუსიკოსების, მომღერლების მიქსი - Superpitcher, Patsy Cline, Anne Shelton, Anne Müller, Puccini la bohème, Gabriel Fauré, Richard Wagner - რეჟისორის ინტერპრეტაცია-კონცეფციის თანმხვედრია, აძლიერებს ზემოქმედებას, მუხტს, მაყურებელს ეხმარება უკეთ აღქმაში.
რეჟისორმა უცნობი - ტექსტორ ტექსტერი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის პერსონაჟი მაყურებლებიდან შემოიყვანა სათამაშო მოედანზე. შემოიყვანა-თქო ვთქვი, მაგრამ ეს უბრალოდ შემოყვანა არ იყო. თანამედროვედ ექსტრავაგანტურ-გამორჩეული, სხეულზე ტატუებით, მუხლ-სამაგრებით, შავი მოკლე შარვლით, გამჭვირვალე მოტკეცილი პერანგით, უცნაური ვარცხნილობით - უცნობი ქარიშხალივით გადაუვლის მაყურებლებს და შემოქანდება ეგრეთ წოდებულ სცენაზე, სწორედ იმ მომენტში, როდესაც ხმა რეისის გადადებას იუწყება. უცნობი აღშფოთებულია რეისის გადადებით, მაყურებელ-მგზავრებთან ამყარებს კონტაქტს, ზოგიერთ მათგანს გვერდით უჯდება, ესაუბრება, ბოლოს გადადის ჟერომთან, დაჯდება მის გვერდით და უწყებს კითხვების დასმას. ამაში, თითქოს გასაკვირი არაფერია, გაფრენის მოლოდინში მყოფი ადამიანები ერთმანეთს რომ გაესაუბრონ, მაგრამ... სანდრო მიკუჩაძის უცნობი, როგორც უკვე ვთქვი - ექსტრავაგანტურია, ცოტათი დემონიზებული, და, თუ სტერეოტიპებით ვიმსჯელებთ, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. მეორე ნაწილში, უფრო ფინალისკენ მიკუჩაძის პერსონაჟი საქმიანი ადამიანის მსგავს შარვალ-პიჯაკშია გამოწყობილი. თათა პოპიაშვილმა მსახიობთან ერთად უცნობი-ტექსტორ ტექსტერის პერსონაჟში ჩადო იუმორი, გროტესკი, დრამატულობა. სანდრო მიკუჩაძე მთელი სპექტაკლის განმავლობაში, თითქმის საათნახევარი აქტიურ ქმედებაშია, ქარბორბალასავით ტრიალებს, ბზრიალებს, ხან ფიზიკურად და ხან შინაგანი ემოციური მუხტით თავბრუს გახვევს. მის პერსონაჟს თითქოს ყველას და ყველაფრის წალეკვა სურს. მსახიობის პლასტიკა, ჟესტიკულაცია გამომწვევია, თუმცა, იუმორნარევი გროტესკული ქმედებები ღიმილის მომგვრელიცაა და მაყურებელ-მგზავრებში სიმპათიას აღძრავს. ჟერომის განსხეულებული შინაგანი ხმა, სინდისის ქენჯნა - უცნობი - ტექსტორ ტექსტერი, რეჟისორის კონცეფციით, მხოლოდ ჟერომის პერსონიფიცირებული ორეული არ არის, ეს ყველა ჩვენგანის შინაგანი ხმა და სინდისის ქენჯნაა. როდესაც ფინალში ჟერომი თავს იკლავს, ტექსტორი მაყურებელში გადმოდის და კითხულობს: რას უყურებთ? ამას მსახიობი ისე აკეთებს, თითქოს ახალ „მსხვერპლს“ ირჩევდეს გარშემომყოფთა შორის, იგი აუცილებლად ჩაუსახლდება ვიღაცას და მის შინაგან ხმად იქცევა. მანამდე კი, სანდრო მიკუჩაძის ტექსტორ ტექსტერს ნელ-ნელა, მიზანმიმართულად მიჰყავს ჟერომი ბრალის აღიარებამდე და ბოლოს თვითმკვლელობამდე. ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, როგორც აღვნიშნე, საათნახევრის განმავლობაში აქტიურ ქმედებაშია, მსახიობი პროფესიონალურად ართმევს თავს რეჟისორის მიერ დაკისრებულ ამ რთულ ამოცანას. რა თქმა უნდა, ამგვარად ინტერპრეტირებული უცნობის - ტექსტორ ტექსტერის როლის თამაში, მსახიობისგან დიდ ფიზიკურ თუ ემოციურ დატვირთვას მოითხოვს, რაც, ალბათ, რთულია, მაგრამ შესრულებადი, რაშიც ალექსანდრე მიკუჩაძემ დაგვარწმუნა.
ნოველაში, ამელი ნოტომის იუმორი სიტყვების თამაშშიც აისახება. მაგალითად, უცნობი ჟერომს თავს გააცნობს როგორც ტექსტორ ტექსტელს - ტექსტორი მომდინარეობს ტექსტიდან, ტექსტი Textum-იდან, რაც ეტიმოლოგიური მნიშვნელობით ქსოვილის აღმნიშვნელია, ესე იგი, ტექსტორი - ტექსტის სიტყვებით მქსოველს ნიშნავს, ხოლო თავად უცნობს ურჩევნია ტექსტორი ნიშნავდეს ტექსტის რედაქტორს. მწერალი აქ, ალბათ, სიმბოლურად ადამიანის ცხოვრების რედაქტორს, ჩამსწორებელს გულისხმობს. სტურუა - ფოფხაძის პიესაში უცნობის გვარია ტექსტერი (და არა ტექსტელი), ამოღებულია უცნობის სურვილი, მისი სახელი რედაქტორს ნიშნავდეს. თათა პოპიაშვილის სპექტაკლში უცნობის გვარია ტექსტერი, მაგრამ შენარჩუნებულია ნოტომისეული სიტყვათა თამაში - ტექსტორ - ტექსტერი - რედაქტორი.
გიორგი გოგუაძის ჟერომ ანგიუსტის პერსონაჟი თათა პოპიაშვილის სპექტაკლში უფრო ნოტომისეულია, ვიდრე სტურუასეული. რას ვგულისხმობ? პერსონაჟის ფიზიკურ თუ სულიერ ხატებას. რობერტ სტურუასთან ჟერომი უცნობის მსგავსად ახალგაზრდაა, ახალ დადგმაში - შუახნის მამაკაცი. გოგუაძის ჟერომი თავისი ორეული ტექსტორისაგან თითქოს რადიკალურად განსხვავებულია: მშვიდი, გაწონასწორებული, საქმიანი ბანკირი, როგორც უცნობი ეუბნება - ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე არა ერთი ოჯახის დამღუპველი. ძნელად გამოდის წყობიდან, ტექსტორს კარგა ხანი დასჭირდა მისი ემოციური ბუნების შესარყევად, ქვეცნობიერიდან ცნობიერში ცოლის მკვლელობის ამოსატივტივებლად, მაგრამ, როცა აღელდება, ყველაფრის წამლეკავ, შინაგან ბობოქარ ბუნებას გვიჩვენებს.
სტურუას სპექტაკლში ჟერომი ახრჩობს უცნობს სიტყვებით - თავისუფალი ვარ, თავისუფალი! თათა პოპიაშვილის დადგმაში ამელი ნოტომის ნოველის მსგავსად, ჟერომი გაჰყვირის იმავეს, მაგრამ თავს იკლავს კედელზე რამდენჯერმე თავის მიხეთქებით. გიორგი გოგუაძის საბოლოოდ „მხილებული“ ჟერომი, ეგრეთწოდებულ კინკრიხოში ხელს წაავლებს უცნობ-ტექსტორს, მასთან ერთად რამდენჯერმე გაქანდება და ორივენი თავს კედელს ახეთქებენ. რეჟისორმა ვიზუალური ეფექტისთვის ჩაბნელება-ამონათების ხერხი გამოიყენა და საყურებლად ემოციური გახადა. აქვე ვიტყვი, რომ ტექნიკურად ეს ეპიზოდი უფრო დასახვეწია, ტექპერსონალი აგვიანებდა განათების ჩაქრობა-ანთებას. იმედია, დროთა განმავლობაში ეს ხარვეზი გამოსწორდება.
ბოლო ამონათების შემდეგ ტუალეტის იატაკზე თავგატეხილი, დასისხლიანებული ჟერომი აგდია, ქაჩიბაიას პოლიციელი და ოზგებაშვილის დამლაგებელი, გვამს გაიტანენ. სანდრო მიკუჩაძის უცნობი მაყურებლებს შორის აღმოჩნდება და მათ მიმართავს: რას უყურებთ? „შინაგანი ხმა“ ისევ დამნაშავეს დაეძებს, რომ ჩაუსახლდეს გონებაში, ქვეცნობიერში მიმალული ამოუტივტივოს, „ამხილოს“...
ვფიქრობ, სპექტაკლის დადგმისას ახალგაზრდა რეჟისორმა „დანის პირზე იარა“, ვინაიდან ძნელია დრამატული ამბის გადმოცემა გააზავო იუმორთან, გროტესკთან და თან, ეს გააკეთო გემოვნებით, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, დაიცვა ბალანსი. თათა პოპიაშვილმა პროფესიონალურად გაართვა თავი დასახულ მიზანს: ნოველისა და პიესის ტექსტების ორიგინალური „შეზავებით“, მსახიობებთან და მხატვართან ჰარმონიული მუშაობით, გორის თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შემატა.
https://www.theatrelife.ge/mtrisnigabi?fbclid=IwY2xjawFGUlFleHRuA2FlbQIxMQABHY_YlKawdU9u1IDtF64TPVa2sDAlED5ZyI84QtQ4RJN38KuYLRp_lmfbjA_aem_4v4upCinMh0P9_Kzi1p6LQ -
პროექტი ხორცილედებასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირთან და თანამედროვე ქართული თეატრის ცენტრთან თანამშრომლობით.დისკუსიების ციკლი მომზადებულია პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
https://youtu.be/mw3VZZc5PWQ?si=8K1a12tyz_T3pzaK -
უხუცესი მსახიობი ბატონი ანზორ გვაძაბია.საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროწარმოგიდგენთ. -
-
ახლო არს პოეზიის თეატრი
ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკური თეატრისაკენ
დაუძახე, შენ ოღონდ დაუძახე!
"ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" ...დღეს ის მომენტი იყო როცა ხმა ვერ ამოვიღე, როგორც წესი ყოველთვის განვიხილავთ სპეკტაკლის მერე ვის რა მოგვეწონა. დღეს უბრალოდ დავმუნჯდი. ეს არიყო უბრალოდ სპეკტაკლი. ის რეალობა იყო გაცოცხლებული რაც ალბათ ყველას ტკივილია დღეს. ვისურვებდი ეს სპეკტაკლი ბევრმა ნახოს, იმისთვის მაინც რომ ზოგჯერ უფრო მეტად მოუსმინოთ თქვენს შვილებს, მათ ფიქრებს, აზრებს, ზოგადად თავს ვარიდებ ფილმებსაც და სპეკტაკლებსაც სადაც დრამაა, რადგან არ შემილია ცრემლის გარეშე ყურება, ვისთვის უბრალოდ დადგმაა რომელსაც უყურებ, გამობრუნდები და წამოხვალ, ვისთვის კი მოვლენააა ცოცხალი, თავისი შეგრძნებებით... ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ, იმ კატეგორიას არ გავეკუთვნები ვინც ნებისმიერ ფილმს, თუ სპეკტაკლს, თუნდაც წიგნს, მხოლოდ გასართობად იყენებს, დროის გასაყვანად. თითოელი მათგანიდან უამრავი რამის სწავლა შეიძლება,უამრავ რამეზე დაფიქრება, ეს იყო გაცოცხლებული გრძნობა, ისტორია, რომელიც არიყო უბრალოდ ისტორია, არიყო უბრალო დადგმა... უდაოდ ნიჭიერი გუნდია მინდა ავღნიშნო, შეიძლება მსახიობი იყო, მაგრამ უბრალოდ თამაშობდე, ეს იყო გრძნობა, თითოელი მათგანი რომ გრძნობდა მის მთელ დატვირთვას, ბრავო გუნდს.
ნამდვილად დამაფიქრა ბევრ რამეზე.თუნდაც იმაზე რომ სად უშვებ შეცდომას შვილთან მიმართებაში, რას ფიქრობენ და გრძნობენ ბავშვები... ეს ყველაზე უკეთ მე ვიცი, ყოველი წერილის დროს, რომელსაც ოსკარი ღმერთს სწერდა, თვალწინ დამიდგა ყველა ის წერილი, რომელსაც მეც დიდი გულმოდგინებით ვწერდი ღმერთს ბავშვობაში... ეს მთელი ისტორია იყო, რომელსაც უბრალოდ ცრემლის გარეშე ვერ უყურებდი...
ნინა პაქსაძე
მაყურებელი.
13 ნოემბერი, 2021https://www.facebook.com/100022427748557/videos/642779267092185/
ალუბლის სევდა და არტისტული ქალაქი
(ციკლიდან „დროის იეროგლიფები“)ლევან-ლეო ოზგებაშვილი (გიორგი ერისთავის პრემიის ლაურეატი) -2019
ანზორ გვაძაბია (ლილი იოსელიანის პრემიის ლაურეატი) - 2020რეცენზია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტის ნათია მაკრახიძის საკვალიფიკაციო შემოქმედებით პროექტზე - „ფანჯრებს იქით“.
ვითმინე და როგორც მომეჩვენა ,რადგან არაფერი ითქვა, ჩემ აზრს გაგიზიარებთ თაეტრის მოყვარულის პოზიციდან:
გორის თეატრმა შემოგვთავაზა სოფოკლეს "ანტიგონე".
ახალგაზრდა რეჟისორის, დავით ჩხარტიშვილის პირველი ნამუშევარი . საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ვთვლი რომ კარგად გაართვა თავი,თანამედროვე კოსტუმირებული და ტექნიკური გამომსახველობითი ხერხებით ხაზი გაუსვა თემის მარადიულობას.საოცარი იყო კახა ბერიძის კრეონი. მან შემოგვთავაზა არა ტირანი ,არამედ თებეს მსახური კრეონი,რომელიც კანონის გარანტი უნდა ყოფილიყო მოსახლეობისთვის და არ ქონდა ადამიანად ყოფნის უფლება.ეს ტრაგიზმი ძალიან აკადემიურად იყო გადმოცემული და ბრავო კახას.
ასევე უმძიმესი ტვირთი იყო ანტიგონეს ვნებათაღელვის გადმოცემა ახალგაზრდა მსახიობი გოგონას , სოფი მაიერისთვის. შეყვარებული,სიცოცხლეს მოწყურებული (ერთ-ერთ სცენაში თავს რამდენჯერმე მისცემს წყალს და მერე შეშინებული მოსალოდნელი შედეგით ხარბად ისრუტავს ჰაერს) ანტიგონე, რომელსაც გარანტირებული აქვს ბედნიერება , ვერ ურიგდება იმ საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის სახელით გვამი ქუჩაში დააგდოს, ვერ ურიგდება საკუთარ სინდისთან,საკუთარ თავთან კონფლიქტში ცხოვრებას და ეწირება ადამიანურ ღირებულებებს.ორი ულმობელი,მაგრამ სხვადასხვა ეპოქის სიმართლე დაეჯახა ერთმანეთს ,რომლებიც კალენდარულად ერთ დროში დაემთხვა და გარდაუვალი ტრაგედიით დასრულდა.
ანტიგონესავით ,ვინც უსწრებს თავის ეპოქას,ისევე ეწირება პროგრესს,და ეს არის საზოგადეობის განვითარების სისხლიანი გზა.რეჟისორმა კომფორმისტების ფენაც ფართო ობიექტივით წარმოგვიდგინა ,სადაც ბევრი ნაცნობის გახსენება შეგვეძლო.
დასმა ახალგაზრდული სითათამით სცადა არჩევნების მნიშვნელობისა და ელექტორატის პასუხისმგებლობისათვის გაესვა ხაზი და საკმაოდ უჩვეულო ხერხით მოგვაწოდა ეს,რაც შეიძლება ზოგისთვის საკამათო იყოს,მაგრამ თეატრი ცხოვრების გულისცემას რომ გრძნობს , თავის მისიას -აღზარდოს საზოგადოება, რომ არ ივიწყებს ,ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მთელ დასს და ყველას,ვისაც წვლილი შეაქვს პატარა ქალაქის დიდ ცხოვრებაში.
ავტორი: თამარ ედიშერაშვილი
@ ლაშა ჩხარტიშვილი
იაკობ გოგებაშვილის სცენური სახება
ალუბლის სევდა და არტისტული ქალაქი
(ციკლიდან „დროის იეროგლიფები“)SALESMAN