იოსებ ჭუმბურიძე - იის სურნელი თოვლში
იაკობ გოგებაშვილის სცენური სახება
წლევანდელი სეზონი ერისთავის თეატრმა პრემიერით დახურა და გახსნა: იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ქარგაზე აგებული როსტომ ჩხეიძის პიესის „იის სურნელი თოვლში“ მიხედვით სოსო ნემსაძის მიერ ხორცშესხმული დადგმით.
სეზონის დახურვას გამოეხმაურა იოსებ ჭუმბურიძე ესეით „იები თოვლში და ჰაე, როგორც ამოსუნთქვა“ („საქართველოს რესპუბლიკა“ , 2016, 27 ივლისი), საუკეთესო, ქრესტომათიული ნიმუშით, თუ როგორ უნდა გაიაზრებოდეს და ფასდებოდეს თეატრალური მოვლენა, ჟურნალისტს ერთი ნიუანსიც რომ არ დარჩენია შეუნიშნავი და ჭეშმარიტი ოსტატობით შეძლო არცთუ დიდი მოცულობის თხზულებაში ყველაფრის ჩატევა, წარმოაჩინა სპექტაკლი როგორც ესთეტიკური, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენა.
სეზონის გახსნამაც არანაკლები ცნობისწადილი და შთაბეჭდილება გამოიწვია და არ გვიკვირს, გარდა გორელებისა, თბილისიდან და ქუთაისიდან საგანგებოდ ჩამოსულმა მაყურებელმაც რომ იხილა.
ეს ის დადგმაა, რომელშიც ყველა მონაწილე, „დიდი“ თუ „პატარა“ როლის შემსრულებელი თავის დანიშნულებასა და მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს და ამიტომაც გვსურს ყველას გვარ-სახელი მოვიხსენიოთ: რეჟისორი იქნება _ სოსო ნემსაძე, მხატვარი – აივენგო ჭელიძე, კოსტიუმების მხატვარი – ბარბარა ასლამაზაშვილი, კომპოზიტორი – მამუკა მეგრელიშვილი, ქორეოგრაფი – გია მარღანია, ვოკალი – ლელა მერაბიშვილი, ტექნიკური რეჟისორი – სოფი დრულევი, მგალობელთა გუნდი _ მარიამ კაპანაძე, ელენე კაპანაძე, თამარ კაიშაური, ქეთი ლაზარაშვილი, თუ მსახიობები: სოსო მგალობლიშვილი (იაკობ გოგებაშვილი), კობა კოპაძე (მოხუცი იაკობ გოგებაშვილი), შოთა ხანჯალიაშვილი (ვასილ ბარნოვი), კახა ბერიძე (გაბრიელ ეპისკოპოსი), ლევან როსტომაული (ნიკო ცხვედაძე და სემინარიელი), კონსტანტინე კახიშვილი (სანდრო ცხვედაძე), ზვიად მაღალაშვილი (ანტონ ფურცელაძე), ლევან ჯამბრიშვილი (ნიკო ლომოური და დიმიტრი ბაქრაძე), ზურაბ ხინჩიკაშვილი (იოსებ მამაცაშვილი), სოფია მაიერი (დარო მამაცაშვილი), მაკა შალიკაშვილი (ბარბარე მამაცაშვილი), ანი ჩოგოვაძე (ელენე მამაცაშვილი), გიორგი მაყაშვილი (ვახტანგ თულაშვილი), მარი არღუთაშვილი (უცნობი ქალი), ამირან ქაჯაია (მეფისნაცვალი), ზაზა ცარულაშვილი (კანცელარიის უფროსი), მერაბ ჭანკოტაძე (სასწავლებლის დირექტორი), ქიშვარდ მანველიშვილი (მასწავლებელი), მერაბ მეზურნიშვილი (მასწავლებელი), გიორგი ჩოჩნიძე (სემინარიელი და მეფისნაცვლის მდივანი), ზურაბ პავლიაშვილი (ჯაშუში) და ჯემალ ჭულუხაძე (ჯაშუში).
სავსებით ბუნებრივია ამ სპექტაკლის ასეთი წარმატება, ნიშანდობლივი გორის თეატრისათვის და განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც თეატრს სათავეში ჩაუდგა სოსო ნემსაძე. და კიდეც დაიდგა ერთმანეთზე უკეთესი სპექტაკლები – დრამებიც, ტრაგედიებიც, კომედიებიც. მთელი გორი ჩაერთო თეატრის ცხოვრებაში და შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ ზედიზედ დაჯილდოვდა ეს სპექტაკლები, გრან-პრითაც რომ აღინიშნა.
* * *
პრემიერის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მაყურებელს ვთხოვეთ შთაბეჭდილების გაზიარება:
ელგუჯა თავბერიძე (მწერალი და გამომცემელი):
„გორის თეატრში როსტომ ჩხეიძის პიესის „იის სურნელი თოვლში“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე იოსებ ჭუმბურიძის მრავლისმთქმელი წერილი რომ წავიკითხე „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე, საინტერესოს ველოდი.
ნეტავ ყველა მოლოდინი ასე გამიმართლდეს.
ძალიან დინამიკური, ექსპრესიული, ფიქრის აღმძვრელი სპექტაკლია (ასეთია პიესაც), საოცარი დამაჯერებლობით, ბუნებრიობით თამაშობენ მსახიობები.
სცენიდან ისმოდა ქართული სიტყვა, მართალი, უბრალო, დამაფიქრებელი, ტრაგიკული ყოფის დამხატავი.
ნაღდი უშუალობით იძერწებოდა იაკობ გოგებაშვილის უკვდავი ხატება _ შეუდრეკელი, მოუთოკავი, მიზნისკენ მიმსწრაფი, თხემით ტერფამდე ქართველი და მისხლობით ქართულის მაძიებელი.
თურმე შეიძლება დიდ ქართველთა სცენური გაცოცხლება, თანაც ძალიან სახიერად, სულში ჩამწვდომად, მისი სულიც რომ განათდება, სხეულიც ჩაგრჩება ხსოვნაში, გული აგედევნება, არ მოგასვენებს.
არ იფიქრით, მარტო მთავარი როლი იყო შთამბეჭდავი, ყველა სახე ძალიან ცოცხლად, ძალიან მორგებულადაა გასცენიურებული.
იაკობის მერე ვის გამოყოფდითო, რომ მკითხოთ, პასუხი გამიჭირდება. გაბრიელ ეპისკოპოსი, მთავარმართებელი, სკოლაში შიშნასა და შხვეპლას დამამკვიდრებლები, ვასილ ბარნოვი, სანდრო ცხვედაძე, დარო მამაცაშვილი და... რომელი ერთი.
ძალიან ანსამბლურად სახიერდებოდა დიდ ქართველთა ფიქრი და განაზრახი.
მომეწონა, აღვფრთოვანდი, სპექტაკლში მოძრაობა მოძრაობას რომ ჰგავდა, დღეს ხომ (თუნდაც დრამაში) უმეტესად პანტომიმები უყვართ, შოუებს ეტრფიან, საქვეყნო წუხილით გაჯერებულ ტექსტებს ახლოსაც არ ეკარებიან.
სცენაზე სახიერდებოდნენ პიესის გმირები და არა რეჟისორის გააზრებები. მოკლედ, სოსო ნემსაძემ მაქსიმალურად შეინარჩუნა მაღალი მხატვრული ღირებულების, ღრმა ფიქრის დამტეველი ტექსტი, ამითაც გამოირჩეოდა ეს სპექტაკლი.
იქნებ ამ სპექტაკლით დაიწყოს ქართული პოლიტიკური თეატრის აღორძინება.
იქნებ“.
ლია კუხიანიძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი):
„იისფერ ფონზე სიფრიფანა, ულამაზესი იაა გამოხატული, ქვემოთ კი თეთრი ასოებით აწერია „იის სურნელი თოვლში“. ეს თეატრის ახალი სპექტაკლის პროგრამაა, სპექტაკლისა, რომლითაც თეატრმა სეზონი გახსნა და რომლისგან მოგვრილი სიამოვნება, გულის მღელვარება და სევდაც დიდხანს გამყვება.
ეს იყო თვალისა და გონებისათვის ერთნაირად დაუვიწყარი სანახაობა, მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალებისაგან ხორცშესხმული პიესა კი არა, მამულიშვილებისგან შექმნილ–გაცოცხლებული ტკივილი, რომელის განცდამაც მაყურებელი და მსახიობები ერთ გუნდად აქცია.
როსტომ ჩხეიძე წარსულს მხოლოდ ისტორიის შესახსენებლად როდი მიმართავს, წესისამებრ, მისით აწმყოს უფრო მძაფრად შეგვაგრძნობინებს და რეჟისორმაც შეძლო მაყურებელს ეს განწყობა დაუფლებოდა.
არ ვიცი, რომელი ერთი გამოვყო: სპექტაკლის არაჩვეულებრივი ქარგა, მსახიობების მიერ ანბანის თითო ასოს წარმოთქმა ისე, ამაღელვებელ, მრავლისმთქმელ განცდას რომ აჩენდა მაყურებელში, მათი სადა, მაგრამ დროისა და ხასიათის გამომხატველი კოსტიუმები, კარგი მუსიკალური გაფორმება და მხატვრობა, ქორეოგრაფია და სიმღერები, და თავად მსახიობები: მგზნებარე ახალგაზრდა იაკობი და უკვე ასაკოვანი, ავადმყოფი _ ორი მსახიობი, მაგრამ მათი შესანიშნავი თამაშის გამო ერთ გმირად, ერთ ხასიათად აღქმული პერსონაჟი, ბრძენი გაბრიელ ეპისკოპოსის გამცოცხლებელი მსახიობი, შესაფერი ღირსებით რომ წარმოადგინა თავისი გმირი, მეფისნაცვლის როლის შემსრულებელი, თავად რომ ჰგავდა მშობელ იმპერიას, მზაკვრობით, ვერაგობით, უძრაობით და მისი ყოველი ამოსუნთქვა–ამოხრიალებით; მისი კოხტაპრუწა მდივანი, სასწავლებლის დირექტორი და მასწავლებლები, ჯაშუშები და სემინარისტები, მამაცაშვილთა სალონის ქალები და ვაჟები, დიდი ქართველები: ცხვედაძეები, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ლომოური, ვასილ ბარნოვი, შეყვარებული ქალები და მგალობლები – ყველანი იყვნენ არაჩვეულებრივად გულწრფელები, ნამდვილი პროფესიონალები. აღარას ვამბობ სპექტაკლის დასასრულზე, როცა ანბანის თითო ასოს განმეორება მაყურებლისადმი საქვეყნო ტვირთის შესრულების ვალდებულების შეხსენება იყო.
ნამდვილად ღირდა ქუთაისიდან გორში ჩასვლა ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის სანახავად“.
თამარ ყალიჩავა (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი):
რამდენადაც უფრო დიდია ხალხის სიღარიბე, იმდენად უფრო ესაჭიროება სკოლა, რომელიც სამართლიანად ითვლება სიღარიბის უებარ წამლადო, ამბობდა იაკობ გოგებაშვილი და შექმნა კიდევაც...
გული როგორ არ გაგვისკდეს, როდესაც, ამ ორი საუკუნის განმავლობაში, იაკობის სკოლის განადგურების მეტი არაფერი გვიკეთებია.
ილუზიებით, სუროგატით ჩანაცვლებული ღირებულებებით, უზნეობით გაბრუებული ადამიანი, ვინც ლამის ყველა სიქველისაგან დაცლილა, ძნელად გაითვალისწინებს ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში გახმიანებულ სიბრძნეს, აპოლონის ტაძარზე ამოკვეთილ წარწერას - „შეიცან თავი შენი!“...
მაგრამ ვიდრე საკუთარი თავის შესაცნობად მოვემზადებით, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დადგმული სპექტაკლი - „იის სურნელი თოვლში“ - ვნახოთ (ერთხელ ნახვა ნამდვილად არაა საკმარისი).
დიდი მადლობა ავტორს, რეჟისორსა და მთელ შემოქმედებით გუნდს, ვინც ასეთი არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქა...
აკაკი წერეთელი ამბობდა, იაკობი ღირსია, ხალხმა სიცოცხლეშივე დაუდგას ძეგლიო.
თქვენი ნებართვით, ამ სპექტაკლს ვიგულისხმებ ღირსეულ ძეგლად, ღირსეული შთამომავლებისაგან...“
***
არაერთმა მაყურებელმა გამოთქვა სურვილი, რომ აუცილებელია „იის სურნელი თოვლში“ თეატრმა გასტროლებით მოატაროს მთელ საქართველოში, რადგან ეს ის დადგმაა, რომელიც ძალიან ესაჭიროება დღესდღეობით ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას _ შემეცნებითადაც, მხატვრული ძალმოსილებითაც.
სცნეზე ხორცშესხმულმა იაკობ გოგებაშვილმა მართლაც უნდა შემოიაროს ის საქართველო, რომლის გადარჩენასაც მთელი სიცოცხლე შეალია და კიდეც მოახდინა სასწაული: გარუსების გზაზე დამდგარი ყმაწვილები მშობლიურ წიაღს დაუბრუნა სკოლის გაქართულების წყალობით.
დაე კიდევ ერთხელ მივადევნოთ თვალი, რა კაცნი გვყოლია, რა პატრონნი, რა სულიერი ძალ-ღონისა და თავგანწირვის პიროვნებანი მოვლენოდნენ ჩვენს ქვეყანას საბედისწერო ჟამს.
„მედიანიუსი“
---------------------------------------
იები თოვლში და ჰაე, როგორც ამოსუნთქვა
03 ოთხშ. 2016
ეს ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ და მორიგ პრემიერად - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ თეატრში კიდევ ერთი დრამატურგი დაიბადა, არამედ და უფრო მეტად იმიტომ, რომ სპექტაკლი იაკობ გოგებაშვილს ეძღვნება და დადგმულია მკაფიო მიზანდასახულობითა და რეჟისორული კონცეფციით, რაც ლიტერატურული პირველწყაროს პატივისცემასაც გულისხმობს და სცენაზე მსახიობის შეუცვლელობასაც.
***
როსტომ ჩხეიძემ პიესების წერა გვიან დაიწყო - მაშინ, როცა უკვე გამოცემული ჰქონდა თვრამეტამდე ბიოგრაფიული რომანი დიდ ქართველებზე, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილზე - „ ბურჯი ეროვნებისა.“ დრამატურგიისკენ მის პროვოცირებაში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. წლების წინათ მაკა ჯოხაძის, ლევან ბრეგაძის, როსტომ ჩხეიძისა და საკუთარი პუბლიცისტური სტატიების მიხედვით შევადგინე კომპოზიცია (,,სამშობლო როგორც უფალი“), რომელიც ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ სალონში მსახიობმა თინათინ ელბაქიძემ ჩვეული ოსტატობით წარმოადგინა.
იმ დღიდან როსტომ ჩხეიძემ სერიოზულად დაიწყო საუბარი ჩემს დრამატურგიულ შესაძლებლობებზე, რაც თავად ხუმრობადაც კი არ მიმიღია.
და აი, ორიოდე წლის წინათ ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე გვიმხელს, რომ ძალიან უნდა პიესა იაკობ გოგებაშვილზე, ბიოგრაფიული რომანის საფუძველზე შექმნილი. როსტომი (ამჯერადაც სრულიად სერიოზულად): ,,ჰოდა, აგერაა იოსებ ჭუმბურიძე!“
იმ დროისათვის, როგორც იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის წევრს, მამა კონსტანტინე გიორგაძესთან, გიორგი გოგოლაშვილთან და სხვებთან ერთად, უკვე ბევრი მაქვს ნაფიქრ - ნაკვლევი „დედაენის“ შემოქმედზე, საკმაოდ ბევრიც მიბრძოლია და გავლანძღულვარ კიდეც მის გამო(ბედის ირონია: დიდ ერისკაცებს დღესაც ებრძვიან?!), მაგრამ სასტიკ უარს ვამბობ, რადგან ვთვლი, რომ ეს როსტომის გასაკეთებელია და ყველაზე უკეთ სწორედ მას გამოუვა...
***
და დაიწერა პიესა - ,,იის სურნელი თოვლში.“
ახლა მთავარია, რას იტყვის რეჟისორი.
ხომ შეიძლება, მანაც ზოგიერთი თავისი კოლეგის მსგავსად განაცხადოს(როსტომის სხვა პიესები რომ დაიწუნეს): კი, დიდებული ლიტერატურული ტექსტია, მაგრამ ქმედება აკლია...
უცნაურია: ეს ხდება იქ(დედაქალაქში), სადაც ზოგიერთ დრამატულ თეატრში მხოლოდ მოძრაობენ და არ ლაპარაკობენ, ზოგან - პირიქით, ზოგან შექსპირის პიესას გასული საუკუნის შუა წლების „რეჟისორული აზროვნებით“ გვთავაზობენ... კიდევ კარგი, ბრეხტი და სტურუა არსებობენ, თორემ აწ უკვე მიწურული სეზონი დედაქალაქის დრამატული თეატრებისთვის მართლაც დრამატული(იქნებ სულაც ტრაგიკული) აღმოჩნდებოდა...
***
დიდებული ლიტერატურული ტექსტი, თუმცა ნაკლებად დრამატურგიული - რაღაც ამდაგვარი სოსო ნემსაძესაც წამოსცდა, მაგრამ პიესის დადგმა მაინც უყოყმანოდ გადაწყვიტა.
ვერ ვიტყვი, ეს როსტომზე მეტად მახარებდა - მეთქი, მაგრამ წესით, ვერც როსტომმა უნდა თქვას, პიესის დადგმა მე უფრო მეტად მინდოდაო. აქ კი კატეგორიული ვიქნები: მე უფრო მეტად მჯეროდა, რომ სპექტაკლი გამოვიდოდა!
***
პიესის ძირითადი ხაზი აგებულია იმაზე, თუ როგორ უჭირს იაკობს ,,დედაენის“ გასაღების პოვნა და რარიგ გაიხარებს, როცა უფალი ყმაწვილის პირით უკარნახებს: „აი ია“... არ ვიცი, სოსო ნემსაძეს ვისი პირით უკარნახა უფალმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მანაც უდიდესი სიხარული განიცადა, როცა ასევე დიდი წვალების შემდეგ სპექტაკლის ორიგინალურ ქარგას მიაგნო და ის ქართული ანბანის ღვთაებრივ ძალაზე დააფუძნა.
***
ერთხელ მიხეილ თუმანიშვილს ვკითხე, ,,ალუბლის ბაღის“ დადგმას რატომ აჭიანურებთ - მეთქი და ასეთი პასუხი მივიღე: „გასაღებს ვერ ვპოულობ“... სოსო ნემსაძემ ჩეხოვის პიესის ისეთი გასაღები იპოვნა, რომ განგვაცვიფრა: თურმე, შეიძლება, ალუბლის ბაღი სულაც მინისა და კერამიკისა იყოს, ხოლო მდიდრული სერვიზის მსხვრევით ბაღის აჩეხვაც ადვილად წარმოვიდგინოთ და არისტოკრატიის განადგურებაც.
აი, ასეთი რეჟისორია სოსო ნემსაძე! და რაღა მაინცდამაინც როსტომ ჩხეიძის პიესის დადგმისას უღალატებდა ფანტაზია თუ მხატვრული წარმოსახვა?!
როსტომს მაინც სკეფსისი სძალავდა: „ჩემი ბედი რომ ვიცი“...
მე კი ჯიუტად მჯეროდა.
***
მსახიობთა გუნდი ერთად წარმოთქვამს ქართული ანბანის ყველა ასო - ბგერას და სცენის სიღრმიდან თანდათან ჩვენკენ მოემართება. ამ დროს აუცილებლად გაგახსენდება ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ენა ღვთაებრივი რამ არის“... ისტორიული პერსონაჟებით დასახლებულ სპექტაკლში პიესიდან მხოლოდ ილია არ გადმოსულა, მაგრამ ის ყველგან იგულისხმება. ილია არ ჩანს და მაინც მოქმედებს: თანამებრძოლები მთავარ იმედად მოიხსენიებენ, მეფისნაცვალი და მისი ხელქვეითნი - მთავარ ამრევად. და ორივე მხარე მართალია. ანბანს კრიტიკულ მომენტშიც წარმოთქვამენ, რაც კიდევ უფრო გახაზავს დედაენის ღვთაებრივ შესაძლებლობებს. გალაკტიონიც ხომ გრძნეული ინტუიციით მიხვდა რიცხობრივად პატარა ერის გადარჩენის საიდუმლოს: „ აქ პოეზია იყო მისი შემჭიდროება“...
სოსო ნემსაძეც უთუოდ ეზიარა ამ ღვთაებრივ საიდუმლოს და ამიერიდან, როსტომ ჩხეიძის მსგავსად, ისიც იაკობ გოგებაშვილთან განდობილია. მის სპექტაკლში ქართული ანბანია „ერის შემჭიდროება“. ახლა ადვილია თქმა, რა უნდოდა ამის მიგნებასო, მაგრამ ასე „ აი იას“ წარმოთქმა კიდევ უფრო იოლი მოგვეჩვენება: ყველა ჭეშმარიტი აღმოჩენა ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.
***
თავიდანვე, აიწევა თუ არა სპექტაკლის( და არა თეატრის) შთამბეჭდავი ფარდა(მხატვარი აივენგო ჭელიძე), აჰყვება თუ არა მას შესაბამისი განწყობილების მუსიკა (კომპოზიტორი კობა მეგრელიშვილი) და მსახიობთა გუნდი ანბანის წარმოთქმას დაიწყებს, უმალვე გაიფიქრებ, რომ სპექტაკლის ბედი ,,ცაშია გარდაწყვეტილი“ და ჩვენს წინაშეა შეთხზული და არა დადგმული (ესეც თუმანიშვილის გამოთქმაა) სანახაობა, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა, ერთიან რეჟისორულ კონცეფციას დამორჩილებული. და მაინც, სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა, თუ ყოველივეს მსახიობები არ გაამართლებენ. თუ, უწინარესად, მთავარი გმირის განმასახიერებლები - სოსო მგალობლიშვილი და კობა კოპაძე(მოხუცი იაკობი) „დედაენის“ შემოქმედის ლამის მოწამეობრივ ცხოვრებასა და ღვაწლს დამაჯერებლად არ წარმოგვიდგენენ. ორივე შემსრულებელი ამ მიზანს წარმატებით აღწევს, ოღონდ, სხვადასხვა გზით.
მოხუცი იაკობის სახე უფრო ტრადიციული ხერხებით იკვეთება, თუმცა დაზღვეულია იმ სიყალბისა და პათეტიკისგან, ისტორიული პიროვნებებისადმი მიძღვნილ ფილმებში რომ გვინახავს და დღემდე ირონიით ვიხსენებთ. ახალგაზრდა იაკობი კი სრულიად განსხვავებული ფერებით იხატება. შეიძლება, იფიქრო კიდეც, იქნებოდა კი იაკობ გოგებაშვილი ასეთი? ასე გაცხარდებოდა მსგავს სიტუაციებში? მაგრამ ბოლოს ასკვნი: კარგია, რომ მსახიობი ამსხვრევს ჩვენში შემორჩენილ კლიშეებსა თუ სტერეოტიპებს და დიდ ერისკაცს წარმოგვიდგენს როგორც ძალიან ბუნებრივ პერსონაჟს, ცოცხალ ადამიანს და არა გაქვავებულ იდეალს. განსაკუთრებით დამაჯერებელია მსახიობი მაშინ, როცა ,,აი იას“ მიაგნებს. აღმოჩენის სიხარულის(„ფრთები გამოესხა თუ რა?!“) ესოდენ ბუნებრივი და გადამდები გამოხატვა, ალბათ, ძალიან იშვიათია. ეს ფინალში ხდება, როცა სპექტაკლი კულმინაციას აღწევს და ამ მართლაც წარმტაცი სანახაობით, იისფერ თოვლში, კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება მხატვრისა და კომპოზიტორის წვლილი. აქ (და საერთოდაც) აუცილებლად უნდა აღინიშნოს გემოვნებით შერჩეული, ფერადოვანი კოსტიუმები( მხატვარი - ბარბარე ასლამაზაშვილი), დახვეწილი პლასტიკა და სასცენო
მოძრაობა(ქორეოგრაფი - გიორგი მარღანია). ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ეგრეთ წოდებულ მასობრივ სცენებში, როცა ცეკვავენ, მღერიან, ან ლექსებს კითხულობენ. როცა სცენაზე გამოდის ბარბარე მამაცაშვილი( მაკა შალიკაშვილი )და ხალისი შემოაქვს, ყველაფერი გხიბლავს - ჩაცმულობაც, პლასტიკაც, თავდაჭერის მანერაც, ეპოქის სურნელის ტარებაც. რაც მთავარია, მსახიობი ამოვარდნილი კი არ არის, ორგანულად ზის საერთო ანსამბლში.
ეს ჭეშმარიტად ანსამბლური სპექტაკლია, ნამდვილი პროფესიონალის, ოსტატის ხელით მოქსოვილი. კარგ ნაქსოვში კი ხშირად გამოერევა ხოლმე განსაკუთრებით ძვირფასი თვლები.
აქაც ასეა.
სამი მარგალიტი კი გამორჩევით ბრწყინავს.
პირველი: მეფისნაცვალთან (ბაჩო ქაჯაია) საჩივლელად მიდის სასწავლებლის დირექტორი(მერაბ ჭანკოტაძე) - აგვიკლო იაკობ გოგებაშვილმა, ილიას წაქეზებაღა აკლდა და ახლა სულ თავს გავიდაო, ახალგაზრდებს ტვინს ურევსო... ეს სცენა გამჭვირვალე ფარდის მიღმა მიმდინარეობს. მეფისნაცვალი სავარძელში განცხრომით კი ჩამჯდარა, მაგრამ კლიშე და სტერეოტიპი აქაც არიდებულია. გროტესკული საშუალებები ზომიერებითა და გემოვნებით არის მოძებნილი. გადაჭარბება სახეს(და სპექტაკლს) უთუოდ დააზარალებდა. მეფისნაცვალი დაახლოებით იმასვე ამბობს, რასაც გენერალი ილიას ,,მგზავრის წერილებში“, მაგრამ ბაჩო ქაჯაიას შესრულება არავის გვახსენებს, ვინც კი სცენასა თუ ეკრანზე გვინახავს. ეს მხოლოდ მისი შესრულებაა. მისი და, ბუნებრივად უნდა ვივარაუდოთ, რეჟისორისაც. ამიტომაც იმსახურებს გულწრფელ აპლოდისმენტებს.
იგივე ითქმის სასწავლებლის დირექტორის განსახიერებაზეც, რასაც მაყურებლის ასევე მყისიერი მოწონება ახლავს. ამ ეპიზოდის სრულყოფილებას განსაზღვრავს კანცელარიის უფროსისა(ზაზა ცარულაშვილი) და მეფისნაცვლის მდივნის(გიორგი ჩოჩნიძე) კოლორიტული სახეებიც, ყველაფერთან ერთად, იმის მიმანიშნებელი, რომ ყველა უბედურება ჩრდილეთიდან (ზვიად გამსახურდიას ტერმინი - მიგნება!) მოდის...
მეორე: გაბრიელ ეპისკოპოსისა და იაკობ გოგებაშვილის დიალოგი. ერთია, როცა ყველა გეხმარება - რეჟისორიც, მხატვარიც, ქორეოგრაფიც,
გამნათებელიც... აქ კი ორი მსახიობი მაყურებლის პირისპირ „ შიშვლად“ არის დარჩენილი. თანაც ეს უაღრესად პრინციპული საუბარია - ეპისკოპოსმა იაკობიც უნდა დააჯეროს და მაყურებელიც. კახა ბერიძე ისე წარმართავს ამ დიალოგს, ორჯერ თუ სამჯერ, ისეთი თვალებითა და წრფელი ინტონაციით ეტყვის „გასაღების“ ძებნით გაწამებულ იაკობს, უფლის კარნახს უნდა დაელოდოო, რომ შეუძლებელია, მის რწმენაში ეჭვი შეგეპაროს. ამ ეპიზოდში სოსო მგალობლიშვილიც ყველაზე მეტად ჰგავს იმ კაცს, ვისაც გაბრიელ ეპისკოპოსი ეუბნება : „ ვეღარავის გაგვირჩევია, სასულიერო პირი ხარ თუ საერო, ისეთი უცოდველობით მიჰყვები შენს გზას“...
მესამე: სანდრო ცხვედაძე გვიამბობს, თუ როგორ გამოსტაცა მტკვარს იაკობ გოგებაშვილი. ამ დროს მსახიობი რამპის კიდეს გაყვება და შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მტკვრის ნაპირია, თითქოს გეშინია კიდეც, რომ ფეხი არ დაუცდეს. კონსტანტინე კახიშვილი ამ „ციცაბო გზას“ ისე ოსტატურად გაივლის, რომ თავის ნაამბობსაც ადვილად დაგვაჯერებს და რეჟისორული ჩანაფიქრითაც მოგვხიბლავს. ეს სწორედ ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა რეჟისორი და მსახიობი როლის თანაავტორები არიან.
ეს ეპიზოდი იმის ნიმუშიცაა, თუ როგორ შეიძლება ამოქმედდეს სიტყვა, მთავარია, რეჟისორი რეჟისორობდეს. თურმე, რა დრამატურგიულიც ყოფილა როსტომ ჩხეიზის პიესის დიდებული ლიტერატურული ტექსტი!
***
აღვწერე სამი „მარგალიტი“ და, ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი: ვარ კი ბოლომდე სამართლიანი? რით ჩამოუვარდება ხსენებულ ეპიზოდებს, მაგალითად, გაუჩინარებული იაკობის ძებნის უაღრესად ეფექტური, იმავდროულად, ჭეშმარიტი დრამატიზმით გამსჭვალული სცენა, ანდა ის შეკრება, სადაც იაკობი და მისი თანამებრძოლები წესდების პროექტს განიხილავენ. რა მართალია ამ სცენაში ყველა მსახიობი, რა დამაჯერებლად წარმოგვიდგენენ გულანთებულ მამულიშვილებს - ნიკო ცხვედაძეს(ლევან როსტომაული), ანტონ ფურცელაძეს(ზვიად მაღალაშვილი), ნიკო ლომოურს(ლევან ჯამბრიშვილი), იოსებ მამაცაშვილს(ზურაბ ხინჩიკაშვილი), ვახტანგ თულაშვილს(გიორგი მაყაშვილი)... რამდენი დააკლდებოდა სპექტაკლს, ასე დამაჯერებლად რომ არ განასახიერებდნენ სემინარიის მასწავლებლებს ლევან ოზგებაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი და მერაბ მეზურნიშვილი, ასეთი გამორჩეული პლასტიკით რომ არ გვამახსოვრებდნენ თავს ჯაშუშები ( ზურაბ პავლიაშვილი, ჯემალ ჭულუხაძე). ანდა შეიძლება, უყურადღებოდ დაგვრჩეს იაკობის ცხოვრების ორი მშვენიერი ქალბატონი, ერთი ირეალური, თითქოს შიო არაგვისპირელის მოთხრობიდან გადმოსული, მეორე კი სრულიად რეალური - დარო მამაცაშვილი, ვისაც უზომოდ უყვარდა და არაფერს ითხოვდა, სხვა არავინ გაიკარა და დარჩა იაკობის სიყვარულის მსხვერპლად. ალბათ, ძალიან ძნელია სცენიდან ამგვარი ტრფობის ჩვენება, რასაც სოფია მაიერი იშვიათი გულწრფელობით აღწევს . არც მარინა არღუთიშვილის შესრულებაში შეინიშნება ყალბი ნოტები. მომხიბლავია ელენე მამაცაშვილის(ანი ჩოგოვაძე) სილაღეც... იმდენი კარგი სცენაა, რომ თითქოს გინდა, რაღაც მაინც დაიწუნო და ძალიან თუ მოინდომებ, რეჟისორს მხოლოდ იმ ეპიზოდის გამო თუ აუხირდები, როცა მოხუცებული, სნეული იაკობი ლოგინში წევს და ვასილ ბარნოვი ეწვევა.
ყველაფერი ჩინებულია - მდიდრული მიზანსცენა, ნისლი, მხატვრული განათება, ძალიან ადამიანური, გულწრფელი საუბარი, მაგრამ ეს ყოველივე სცენის სიღრმეში, მეორე პლანზე ხდება და მსახიობის(შოთა ხანჯალიაშვილი) ხმა, ზოგჯერ, მკაფიოდ არ ისმის. სამაგიეროდ, იგივე მსახიობი შეუდარებელია ფინალურ სცენაში, როცა იაკობი შინ არ დახვდება, მაგრამ მის პალტოსა და ქუდს იხილავს და გაოცებას ვერ მალავს...
***
ისტორიული პერსონაჟებით დასახლებულ სპექტაკლს ყოველთვის ახლავს ყალბი პათეტიკის საშიშროება. სოსო ნემსაძის ოსტატობა და გემოვნება ამ ხიფათს გამორიცხავს. კიდევ რამდენია სათქმელი რეჟისორის ამ მეტად საინტერესო ნამუშევარზე, თუნდაც იმაზე, თუ როგორ აცოცხლებს წარმოდგენის რიტმს ეპიზოდების კინემატოგრაფიული მონაცვლეობა და სინათლის „თამაში“. სხვათა შორის, ამგვარი ეფექტები პიესაშიც არის მინიშნებული: „სინათლე გადაინაცვლებს მეორე კუთხეში“;
„ბნელდება... განათდება მეორე კუთხე“...
რაოდენ სახიერი და სიღრმისეულია სპექტაკლის „უკანა პლანი“, საიდანაც ზუსტად საჭირო დროს მგალობელთა გუნდის( მარიამ პაპანაძე, ელენე კაპანაძე, თამარ კაიშაური, ქეთი ლაზარაშვილი) გალობა მოისმის...
მთავარი რეჟისორული მიგნება კი უკვე აღვნიშნეთ, ოღონდ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა მივუმატოთ: მსახიობთა გუნდი ანბანს რომ წარმოთქვამს, ბოლოში ოდნავ შეყოვნდება და ჰაეს განსაკუთრებით გამოკვეთს.
ჰაე, როგორც ამოსუნთქვა, როგორც შვების სიმბოლო! - მარტო ამ მიგნებისთვისაც ეღირებოდა ერთი სპექტაკლი.
აქ კი რამდენ რამეზე შეგვიძლია იგივეს თქმა, რამდენი საინტერესო სცენაა მოფიქრებული, რამდენი შთამბეჭდავი სახეა შექმნილი! და რა მთლიანი, მონოლითური და ანსამბლურია წარმოდგენა. თურმე, შესაძლებელი ყოფილა დიდებული ლიტერატურული ტექსტის ამოქმედება!
მთავარია, რეჟისორი რეჟისორობდეს! მთავარია, რეჟისორს გული ქართულად უცემდეს, მაშინ სცენაზე დადგებიან იაკობ გოგებაშვილი და მისი თანამებრძოლები და ქართულ თეატრს დაუბრუნდება ის დიდი მისია, რომელსაც ილია ჭავჭავაძე აკისრებდა...
იოსებ ჭუმბურიძე